თეა წულუკიანი - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი ამომრჩეველი, რომლისთვისაც ძვირფასია სამშობლო და მისი სტაბილურობა, ღირსეულად იყოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე წარმოდგენილი
ოთხშაბათს პლენარულ სხდომაზე შედგება კენჭისყრა და გამოჩნდება, გაიმარჯვებს ექსტრემისტი ქართული ოპოზიცია და ჩვენს დელეგაციას გაუშვებენ ამ კედლებიდან, თუ ეს არ მოხდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა განუცხადა.
მისივე თქმით, დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს დელეგაციის საკითხი დაინიცირდა, როგორც მოსალოდნელი იყო, რადგან ამისთვის მხოლოდ 30 ხმა იყო საჭირო.
„შემდეგ ეს საკითხი, საკითხი იმის შესახებ, ახალი მოწვევის პარლამენტის წევრები უნდა იყვნენ თუ არა საპარლამენტო ასამბლეაში, შესასწავლად გადაეცა კომიტეტს. კომიტეტის სხდომა გამოცხადდა დახურულად. ყველას გვაცნობეს, რომ ამ სხდომაზე გაჟღერებული პოზიციების გარეთ გატანა აკრძალულია. ამ დახურულ სხდომაზე მე და ქალბატონ ეკა სეფაშვილს გვქონდა გამოსვლის საშუალება. ამავე სხდომაზე მოწვეული ბრძანდებოდა ქართული ექსტრემისტული ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, გაიმართა გამოსვლები და შემდეგ ძალიან მოკლე დებატები.
„დღევანდელი დღის შეჯამების სახით უნდა აღინიშნოს, რომ პროცედურა აღიძრა, პროცედურა მიმდინარეობს, ჩვენ მოგვეცა ჩვენი პოზიციის გამოთქმის საშუალება, თუმცა როდესაც ქვეყნის ბედი წყდება, ალბათ რამდენიმე წუთში ეს არ უნდა წყდებოდეს და ამის შესახებ მე უკვე პლენარულ სხდომაზეც როდესაც მომეცა გამოსვლის საშუალება, გამოვთქვი წუხილი, რომ ნამდვილი დებატები უნდა იმართებოდეს, როდესაც ასეთი საკითხი წყდება, მით უმეტეს იმ ქვეყნის, რომლის 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ეს გამოსვლა უკვე პლენარულ სხდომაზე იყო საჯარო. ყველას შეუძლია, ეს ნახოს, ისევე, როგორც დებატები. პროცედურა გრძელდება ხვალ. დილით კვლავ დახურულ რეჟიმში ვიქნებით წარმოდგენილნი კომიტეტზე. პროცედურა გაგრძელდება ზეგ, თავიდან კომიტეტზე კვლავ დახურულ რეჟიმში და შემდეგ უკვე პლენარულ სხდომაზე ღიად, სადაც შედგება კენჭისყრა და იქ გამოჩნდება, გაიმარჯვებს ექსტრემისტი ქართული ოპოზიცია და ჩვენს დელეგაციას გაუშვებენ ამ კედლებიდან, თუ ეს არ მოხდება. ეს გადაწყდება ოთხშაბათს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, გადაწყვეტილება საპარლამენტო ასამბლეის მისაღებია.
„ყოველ შემთხვევაში, მე მინდა, ჩვენი ამომრჩევლების ყურადსაღებად სტრასბურგიდან ვთქვა, რომ მათ შეუძლიათ, ჰქონდეთ ჩვენი იმედი. მესმის, რომ ისინი არიან ჩვენს ქვეყანაში ჩუმი უმრავლესობა და მხოლოდ ხმაურიან უმცირესობას არ უნდა ჰქონდეს თავისი სიტყვის გასავალი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი ამომრჩეველი, რომლისთვისაც ძვირფასია სამშობლო და მისი სტაბილურობა, ღირსეულად იყოს აქ წარმოდგენილი. დანარჩენი, გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, საპარლამენტო ასამბლეის მისაღებია. ისინი ბევრად მეტნი არიან, ვიდრე ჩვენ, ამიტომ დაველოდოთ მათ ვერდიქტს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.