თეა წულუკიანი - ყოველთვის გვიკვირდა, როცა დასავლეთი უარგუმენტოდ გვადანაშაულებდა, თითქოს სანქციების გვერდის ავლას ვცდილობდით, ვინც ამას გვაბრალებდა, დღემდე აგრძელებს ვაჭრობას რუსეთთან
თეა წულუკიანი - ყოველთვის გვიკვირდა, როცა დასავლეთი უარგუმენტოდ გვადანაშაულებდა, თითქოს სანქციების გვერდის ავლას ვცდილობდით, ვინც ამას გვაბრალებდა, დღემდე აგრძელებს ვაჭრობას რუსეთთან

ყოველთვის გვიკვირდა, როცა ევროკავშირი და, უფრო ფართოდ, დასავლეთი სრულიად უარგუმენტოდ, უსაფუძვლოდ გვადანაშაულებდა, თითქოს სანქციების გვერდის ავლას ვცდილობთ, არ ვართ სოლიდარული იმ პროცესების მიმართ, რაც მიმდინარეობს ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ცილისწამებაა.

„ვინც ამას გვსაყვედურობდა, გვაბრალებდა, თვითონ აგრძელებდა და დღემდე აგრძელებს გაცხოველებულ ვაჭრობას, აღებ-მიცემობას რუსეთის ფედერაციასთან. ალბათ ყველა ასე უნდა იყოს, ყოველ შემთხვევაში, თავისი ეროვნული ინტერესით უნდა ხელმძღვანელობდეს. საქმე როცა ეხება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თემებს, როგორიც არის საერთაშორისო ასპარეზი, საერთაშორისო ურთიერთობები ამ გართულებულ მსოფლიოში, ჩვენი მთავრობა გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ ხალხისა და ერის ინტერესიდან გამომდინარე. ევროკავშირი და დასავლეთი თუ აგრძელებს რუსეთის ფედერაციასთან ვაჭრობას, ალბათ მათი ინტერესით არის ნაკარნახევი, უბრალოდ, უნდა ითქვას ხმამაღლა, რომ ასეა. არ უნდა ვფიქრობდეთ, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო. ჩვენ ვაგრძელებთ კეთილსინდისიერ კომუნიკაციას ყველასთან. არაფერი არ არის დაფარული ჩვენთან, არცერთი დოკუმენტი, არცერთი არგუმენტი. საქართველო გააგრძელებს უკრაინელი ხალხის გვერდით დგომას საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე ჰუმანიტარული მიმართულებით. გააგრძელებს იმ გონივრულ პოლიტიკას, რომელიც არის ქართული ერის ინტერესში, რომელიც საჭიროებს მშვიდობას, სტაბილურობას, განვითარებას. ღმერთი და სამშობლო არის ფუნდამენტური ღირებულებები. ესაა, რისიც გვწამს, რისთვისაც საუკუნეების მანძილზე სიცოცხლეს ვდებდით და ასეც გაგრძელდება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.