თეა წულუკიანი - ვთხოვ ადა მარშანიას, საპარლამენტო ტრიბუნიდან რუსული ნარატივით ნუ საუბრობს
თეა წულუკიანი - ვთხოვ ადა მარშანიას, საპარლამენტო ტრიბუნიდან რუსული ნარატივით ნუ საუბრობს

ძალიან გთხოვთ, ქალბატონო ადა, ამ ტრიბუნიდან რუსული ნარატივით ნუ საუბრობთ, – ასე მიმართა საპარლამენტო ტრიბუნიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ ადა მარშანიას.

მისი თქმით, ადა მარშანიას არანაირი ტონით აღარ დაელაპარაკება, რადგან „პატრიოტთა ალიანსსა“ და ირმა ინაშვილს სცემს პატივს.

„მან მირჩია, ამ ტონით ნუ მელაპარაკებიო. არა, ქალბატონო ადა, მე თქვენ აღარ დაგელაპარაკებით არც ამ ტონით, არც იმ ტონით, არც არანაირი ტონით, რადგან იმ პარტიას ვცემ პატივს და ქალბატონ ირმას, რომელთანაც ბრძოლა ერთად გამოგვივლია. მაგრამ ძალიან გთხოვთ, ქალბატონო ადა, რუსული ნარატივით ამ ტრიბუნიდან ნუ საუბრობთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლისას, ადა მარშანიას სიტყვა რუსული ნარატივის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იყო.

დეპუტატმა ადა მარშანიამ პოლიტიკური დებატების დროს თეა წულუკიანს მიმართა: „არ გაბედოთ არასოდეს ასეთი ტონით, ასეთი მანერით, სიტყვებითა და არგუმენტაციით ჩემთან საუბარი, ქალბატონო მინისტრო, კარგად დაიმახსოვრეთ ეს“.