თეა წულუკიანი - ვთანხმდებით ნარკოპოლიტიკის მოდელზე, რომელიც მომხმარებლებისადმი მეტ ზრუნვას, რეალიზატორებთან კი გამკაცრებულ ბრძოლას გულისხმობს
თეა წულუკიანი - ვთანხმდებით ნარკოპოლიტიკის მოდელზე, რომელიც მომხმარებლებისადმი მეტ ზრუნვას, რეალიზატორებთან კი გამკაცრებულ ბრძოლას გულისხმობს

ვთანხმდებით, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს შემდეგი ტიპის ნარკოპოლიტიკა – მომხმარებლებს მეტი ზრუნვა, რეალიზატორებთან გამკაცრებული ბრძოლა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, უწყებათშორისი საბჭოს ფარგლებში 2013 წლიდან მიმდინარეობდა მსჯელობა, თუ როგორი უნდა იყოს ნარკოპოლიტიკის სასურველი მოდელი.

„ამ მსჯელობის დამსახურებაა ის არაერთი სასიკეთო ნაბიჯი, რაც გადაიდგა – ეს არის ზედოზირების შემთხვევაში ვალდებულების გაუქმება, რომ ექიმმა პოლიციას შეატყობინოს, თუ სხვა ნაბიჯები. აღნიშნულმა პრაქტიკაში რეალურად მოგვცა ის, რომ დღეს ქართულ ციხეებში მოხმარებისთვის მხოლოდ ორი ადამიანი იხდის სასჯელს. ამიტომ მცდარია მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ დღევანდელი ნარკოპოლიტიკა საერთოდ არ აქცევს ყურადღებას მომხმარებელს, რომელსაც მზრუნველობა სჭირდება. თუმცა, ჩვენ ამაზე რა თქმა უნდა, არ უნდა გავჩერდეთ – არც გავჩერებულვართ და ძალიან აქტიურ დისკუსიაში ჩავებით, მათ შორის პარლამენტთან და იმ პაკეტის ინიციატორებთან, რომელიც ამჟამად განიხილება იურიდიულ კომიტეტში. იმ პაკეტში სულ თავიდან გათვალისწინებული იყო ყველა ნივთიერების მოხმარების არამც თუ ლიბერალიზაცია, არამედ დეკრიმინალიზაცია და ბევრი სხვა სიახლე, მათ შორის გამსაღებლებთან მიმართებით, რაც დისკუსიის ფარგლებში დაიხვეწა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, არსებობს შეთანხმება ნარკოპოლიტიკის პრინციპთან დაკავშირებით, რომელიც ნარკორეალიზატორის მიმართ მკაცრ, ხოლო მომხმარებლის მიმართ მზრუნველ მიდგომას გულისხმობს.

„ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს შემდეგი ტიპის ნარკოპოლიტიკა – მკაცრი და დაუნდობელი ბრძოლა ნარკორეალიზატორებს, აქ შეიძლება გამკაცრებაზეც ვიფიქროთ, და უფრო მზრუნველი მიდგომა მომხმარებლებს, მაგრამ ისე, რომ მიწოდება და ზიანი შემცირდეს, დაცული იყოს ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს არ არის მომხმარებელი იმისგან, რომ ვინმემ აცდუნოს იმიტომ, რომ მომხმარებელი თუ გამსაღებელი შესაბამის პასუხს ვერ იღებს სახელმწიფოსგან. დღევანდელი მდგომარეობით მსჯელობის რა ეტაპზეც ვართ, იგულისხმება რომ მომხმარებელთა მიმართ მოხდეს სისტემის ლიბერალიზაცია, სოციალური ელემენტების გაძლიერება და შემცირება სისხლის სამართლებრივი პასუხის, მაგრამ ამ ეტაპზე საუბარი არ მიდის იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში დაკანონდეს ნარკოტიკების მოხმარება. მოდელი არის ასეთი – მომხმარებლებს მეტი ზრუნვა, რეალიზატორებთან გამკაცრებული ბრძოლა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.