თეა წულუკიანი - ვიმედოვნებ, ოპოზიცია მოლაპარაკების შემდეგ რაუნდზე კონკრეტული პასუხებით მოვა და დიალოგის ფორმატის ჩაშლას არ ისურვებს
თეა წულუკიანი - ვიმედოვნებ, ოპოზიცია მოლაპარაკების შემდეგ რაუნდზე კონკრეტული პასუხებით მოვა და დიალოგის ფორმატის ჩაშლას არ ისურვებს

საქართველოს იუსიტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კომენტარი გააკეთა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ახალ შეთავაზებაზე.

წულუკიანი ამბობს, რომ ის, რაც ოპოზიციას შესთავაზეს, შესაძლოა, დღეს ახალი მოდელია, თუმცა ამ საკითხზე საზოგადოება წარსულში, 2003 წლიდან მსჯელობდა.

მინისტრი ამბობს, რომ მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებული მოდელი იძლევა საშუალებას, პარლამენტი გაცილებით  პროპორციული იყოს, ვიდრე ის დღეს არის.

„ჩვენ ოპოზიციას შევთავაზეთ ახალი მოდელი, რომელიც შეიძლება დღეს არის ახალი, მაგრამ იქნებოდა თუ არა პარლამენტში დეპუტატების ეს ოდენობა, ამაზე ჩვენი საზოგადოება 2003 წლიდან მსჯელობდა და ჩამოყალიბდა 150-ზე. პროპორცია, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, არის ის, რომ ამ 150 დეპუტატის შიგნით პარლამენტი იყოს გაცილებით პროპორციული, ვიდრე დღეს არის. თუკი ეს მათთვის მოსაწონი იქნებოდა, იყოს 100 პროპორციული წესით არჩეული და 50 მაჟოროტარული წესით არჩეული დეპუტატი. თუ ეს მათთვის მისაღები არ არის, ესეც პასუხია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია მმართველი გუნდის შეთავაზებაზე უნდა დაფიქრდეს.

„ვფიქრობთ, ამ მოდელზე მათი მხრიდან დაფიქრება ღირს. დაველოდოთ მოლაპარაკების მომდევნო რაუნდს, სადაც იმედი მაქვს, რომ ისინი კონკრეტული პასუხებით მოვლენ და არ ისურვებენ ამ დიალოგის ფორმატის ჩაშლას, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად რადიკალიზმის მომხრეებად არიან  ქცეული და ჩვენ ამას ქუჩაშიც ვხედავთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მმართველი გუნდი პოლიტიკურ სპექტრს სთავაზობს, შენარჩუნდეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა ორ მესამედამდე გაიზარდოს პროპორციული წილი ამ სისტემაში. აღნიშნული შეთავაზება ოპოზიციისთვის კატეგორიულად მიუღებელია. მათი თქმით, ხელისუფლების ეს ნაბიჯი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე საერთოდ უარის თქმას ნიშნავს.