თეა წულუკიანი - ვფიქრობ, რვა წელი საკმარისია, ადამიანი ერთ სისტემას ხელმძღვანელობდეს, დაველოდებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას
თეა წულუკიანი - ვფიქრობ, რვა წელი საკმარისია, ადამიანი ერთ სისტემას ხელმძღვანელობდეს, დაველოდებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან 2020 წლის პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სამომავლოდ აპირებს დარჩეს პოლიტიკაში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, თუ გუნდს ამის სურვილი ექნება.

თუმცა, წულუკიანი დღეს ვერ საუბრობს, 2020 წლის არჩევნების შემდეგ უხელმძღვანელებს თუ არა ისევ იუსტიციის სამინისტროს.

წულუკიანის განცხადებით, ეს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

„რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ მომავალს, თუ ეს იქნება „ქართული ოცნების“ სურვილი, ვაპირებ, დავრჩე პოლიტიკაში მათთან ერთად. რაც შეეხება იუსტიციის მინისტრობას, ვფიქრობ, 2020 წლის არჩევნების შემდეგ სრული რვა წელი იქნება შესრულებული ჩემი და ჩემი თანამებრძოლი პირების საქმიანობისა იუსტიციის სისტემაში. პირადად ვფიქრობ, ეს საკმარისი პერიოდია, რომ ერთი ადამიანი ხელმძღვანელობდეს ერთ სისტემას. დაველოდებით, როგორი იქნება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება. მანამდე პერიოდში რამდენიმე რეფორმა გვაქვს ბოლომდე მისაყვანი. მანამდე, მე პირადად, როგორც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური თანამდებობის პირი, ვაპირებ, ძალიან აქტიურად ვიყო „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიაში ჩართული და მჯერა, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და მთლიანად სისტემა ციხეების ჩათვლით, გაისად ამ დროსაც იქნება მართული ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის მიერ. მე ამის მჯერა. უფლება, გჯეროდეს, არავის წაურთმევია არავისთვის. მე გიზიარებთ გულწრფელად იმას, რისიც მჯერა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

რაც შეეხება იმას, საარჩევნო კამპანიაში ჩართვისას გადადგება თუ არა დაკავებული თანამდებობიდან, წულუკიანი მიიჩნევს, რომ აქვს უფლება, იყოს მინისტრი და ამავდროულად, საარჩევნო კამპანიის აქტიური მონაწილე.

„რაც შეეხება კამპანიაში ჩართვისას გადავდგები თუ არა, მე ასეთი განწყობა არ მაქვს. მე – მინისტრს, მაქვს უფლება, ვიყო მინისტრი, და ასევე ვიყო  სუპერაქტიური, ვიდრე რომელიღაც წინა არჩევნების დროს მინისტრობისას ვყოფილვარ, 2012 წელს არ ვგულისხმობ, საარჩევნო კამპანიაში. მე, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქე, ყველაფერს გავაკეთებ, რათა არ დავუშვა წარსულის დაბრუნება საქართველოში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.