თეა წულუკიანი - ვერანაირი მსჯელობა ოპოზიციის მიერ შემოთავაზებულ მოდელზე, მათ შორის მრავალმანდატიანის კომპონენტზე, ვერ მოხდება
თეა წულუკიანი - ვერანაირი მსჯელობა ოპოზიციის მიერ შემოთავაზებულ მოდელზე, მათ შორის მრავალმანდატიანის კომპონენტზე, ვერ მოხდება

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წინა რაუნდის შესახებ კომენტარი გააკეთა.

წულუკიანის თქმით, ოპოზიციის ნაწილის განცხადებები, თითქოს 8 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული მოდელის ერთ-ერთ კომპონენტზე, მრავალმანდატიან სისტემაზე იმსჯელებდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება.

წულუკიანი ამბობს, რომ პირიქით, ამ შეხვედრაზე მმართველმა პარტიამ ოპოზიციის საარჩევნო მოდელზე მუშაობაზე უარი განაცხადა.

„კვირას გვქონდა მოლაპარაკებების მეორე რაუნდი. ეს რაუნდი ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა დატოვა. მათ იკადრეს ტყუილი. ბატონმა ბოკერიამ და სხვებმა ბრძანეს, თითქოს შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ჩვენ შევთანხმდით, გვესაუბრა მათი მოდელის ერთ-ერთ კომპონენტზე – მრავალმანდატიან სისტემაზე. ეს არის ტყუილი. პირიქით, იმ შეხვედრაზე ჩვენ უარი განვაცხადეთ მათ მოდელზე მუშაობაზე, რადგან ის ანტიკონსტიტუციურია, როგორც პროპორციულის, ასევე მრავალმანდატიანის ელემენტების, თუ კომპონენტის ჩათვლით.  ამიტომ ვერანაირი მსჯელობა მათ მოდელზე, მათ შორის მრავალმანდატიანის კომპონენტზე ვერ მოხდება“ ,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, შეთანხმება შედგა იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია იმსჯელებდა, მისაღები იყო თუ არა მათთვის უცხოელი პარტნიორების მიერ შეთავაზებული მაჟორიტარული სისტემა.

„ერთადერთი, რაზეც შევთანხმდით არის ის, რომ ოპოზიციური სპექტრი, რომელიც იქ იყო წარმოდგენილი, დაბრუნდებოდა თავისთან, იმსჯელებდა იმაზე, აწყობთ და მოსწონთ თუ არა უცხოელი პარტნიორების შემოთავაზებული მაჟორიტარული სისტემა, რომელიც ჩვენივე მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში ჯდება. ის ეხება პარლამენტის მხოლოდ ერთ ნახევარს. თუ მათ ეს აწყობთ, ჩვენ მზად ვიქნებით, რომ განვიხილოთ უცხოელების წინადადება“ ,- განაცხადა თეა წულუკიანმა.