თეა წულუკიანი - ვერანაირ მოსაზრებას ვერ დავეთანხმები, რომელიც გულისხმობდა, თუნდაც თეორიულად, რომ ქართველებმა როდესმე შეაჩერონ ევროპული არჩევანის რეალიზებაზე ზრუნვა, თუმცა ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება
თეა წულუკიანი - ვერანაირ მოსაზრებას ვერ დავეთანხმები, რომელიც გულისხმობდა, თუნდაც თეორიულად, რომ ქართველებმა როდესმე შეაჩერონ ევროპული არჩევანის რეალიზებაზე ზრუნვა, თუმცა ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება

ვერანაირ მოსაზრებას ვერ დავეთანხმები, რომელიც გულისხმობდა, თუნდაც თეორიულად, რომ ქართველმა ხალხმა როდესმე შეაჩეროს თავისი ევროპული არჩევანის რეალიზებაზე ზრუნვა, ფიქრი, შრომა, თუმცა ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

წულუკიანმა კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დიმიტრი ხუნდაძის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნა: „საქართველო თუ კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას“.

თეა წულუკიანის თქმით, ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება.

„მე ვერავითარ მოსაზრებას ვერ დავეთანხმები, რომელიც გულისხმობდა, თუნდაც თეორიულად, რომ როდესმე ქართველმა ხალხმა შეაჩეროს თავისი ევროპული არჩევანის რეალიზებაზე ზრუნვა, ფიქრი, შრომა, თუმცა ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. თქვენ და თქვენს ხელმძღვანელს, რომელიც ახლა უკვე საპატიმროშია, თუ აქვს და ჰქონდა აზრის არამცთუ გამოთქმის, არამედ ხალხის შეურაცხყოფის უფლება, რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენი გუნდის წევრს აქვს თავისი აზრი, რომელსაც გამოხატავს თავისუფლად. მე მაქვს ჩემი აზრი, რომელიც მოგახსენეთ, რაშიც მდგომარეობს. ასევე მგონია, რომ ევროკავშირი კიდევ ერთხელ მიიღებს იმ ისტორიის წინაშე პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებას, რომელიც ეკუთვნის ქართველ ხალხს, ევროპას და რომელიც არ ააშენებს ახალ რკინის ფარდას, რომლის მიღმაც დარჩება საქართველო.

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, კიდევ ბევრ რეფორმას გავატარებთ, მაგრამ დღეს ისეთი დროა, რომ გადაწყვეტილება ეკუთვნის ევროკავშირს და იმედი მაქვს, ევროკავშირი თავისივე ხელით არ ააშენებს ახალ რკინის ფარდას და არ დატოვებს ქართველ ხალხს ამ ფარდის მიღმა, ვინაიდან, რასაკვირველია, არა მხოლოდ ჩვენნაირ მსგავს ქვეყანაში, არამედ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებშიც კი, რეფორმები საჭიროა და უნდა გატარდეს. რაც გატარდა, იმის იმპლემენტაცია უნდა გაძლიერდეს, რაც გასატარებელია უნდა გატარდეს, მაგრამ დღეს სხვა საკითხია დღის წესრიგში. დღეს მთელი ყურადღება მიპყრობილია ბრიუსელისკენ და ევროკავშირმა თავისი სიტყვა უნდა თქვას. ჩვენ ველოდებით ამ სიტყვას და ამ სიტყვის შესაბამისი პოზიციებიც გვექნება. რაც არ უნდა იყოს გადაწყვეტილება, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ ქვეყნის შენებას, რადგან პროგრესის გარეშე არ არსებობს ქვეყნის განვითარება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.