თეა წულუკიანი ვატიკანის მუზეუმების დირექტორს შეხვდა
თეა წულუკიანი ვატიკანის მუზეუმების დირექტორს შეხვდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დელეგაცია, თეა წულუკიანის მეთაურობით, ვატიკანის მუზეუმებს ეწვია და მუზეუმების დირექტორს, ბარბარა იატას შეხვდა.

კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრი დაინტერესდა ვატიკანის მუზეუმში სტაჟირების პროგრამით, მუზეუმოგრაფიის, ლაბორატორიების მუშაობის, საკურატორო საქმიანობის საკითხებით. აგრეთვე, საუბარი შეეხო საქართველოდან სტუდენტების, კურატორების, რესტავრატორ-კონსერვატორების ვატიკანის მუზეუმებში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით წარგზავნის შესაძლებლობას.

მათივე ცნობით, ბარბარა იატამ სტაჟირების სხვადასხვა პროგრამის შესახებ ისაუბრა და ამ მიმართულებით მომავალი თანამშრომლობის დაპირება აღუთქვა მინისტრს.

სამინისტროს დელეგაციამ აგრეთვე მოინახულა ეთნოგრაფიული, ფერწერისა და ძვირფასი ლითონის კონსერვაცია-რესტავრაციის ლაბორატორიები, გაეცნო ლაბორატორიების მუშაობის სპეციფიკას, თანამედროვე ტექნოლოგიებს, სამუშაო გარემოსა და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.