თეა წულუკიანი - ვარ და ვიქნები წინააღმდეგი, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკმა დაიწიოს, თუნდაც 13 ან 12 წლამდე
თეა წულუკიანი - ვარ და ვიქნები წინააღმდეგი, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკმა დაიწიოს, თუნდაც 13 ან 12 წლამდე

მზად გვაქვს და შემოგთავაზებთ რეფორმას, რომელსაც შედეგად მოჰყვება საქართველოში რეფერირების მექანიზმის შექმნა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებს მისი უწყების საქმიანობის შედეგები გააცნო.

„ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემის, გამოწვევის საპასუხო რეფორმა, რომელიც 14 წლამდე ასაკის ბავშვთა მიერ ჩადენილ დანაშაულს ეხება. თქვენ იცით, რომ მასშტაბური და მართლაც ევროპული, ჩვენი ქვეყნის საკადრისი – არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი – ჩვენი ხელისუფლების პირობებში იქნა მიღებული. მაგრამ არის ბავშვების კატეგორია, რომლებიც არიან 14 წლამდე ასაკის, რა თქმა უნდა, მათ შორის და მათ მიერ ხდება დანაშაული, მაგრამ მათი სისხლისსამართლებრივი დევნა არ ხდება და ვერ ხდება, რადგან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკი არის 14 წელი“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

საქართველოს იუსტიციის თქმით, წინააღმდეგია და ყოველთვის იქნები წინააღმდეგი, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკი 13 ან 12 წლამდე.

„ეს ჩემი, როგორც იუსტიციის მინისტრის პოზიციაა ბავშვთა უფლებების სახელითა და გაერო-ს ბავშვთა უფლებების კონვენციის სტანდარტების დამკვიდრების მიზნიდან გამომდინარე. მაგრამ ის, რომ ამ ასაკის ბავშვები დანაშაულს ჩადიან, ეს დაუსჯელი ანუ უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. ამიტომაც, ჩვენ მზად გვაქვს და შემოგთავაზებთ რეფორმას, რომელსაც შედეგად მოჰყვება საქართველოში რეფერირების მექანიზმის შექმნა და პოლიციას, იუსტიციის სისტემას (მათ შორის მედიაციისა და რეაბილიტაციის პროგრამებს), განათლების სისტემას, ახალგაზრდული და ჯანდაცვით პროგრამებს ექნებათ საკადრისი, ადეკვატური და ბავშვზე მორგებული პასუხი, რათა დანაშაული ამ სეგმენტში შემცირდეს“, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.