თეა წულუკიანი - ვანო მერაბიშვილი არ უნდა გამოვიდეს ციხიდან, რადგან ის იხდის სასჯელს
თეა წულუკიანი - ვანო მერაბიშვილი არ უნდა გამოვიდეს ციხიდან, რადგან ის იხდის სასჯელს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ვანო მერაბიშვილი არ არის პოლიტიკური პატიმარი. აღნიშნულია, რომ მის არც დაკავებაში, არც წინასწარ პატიმრობაში და არც ამჟამინდელ პატიმრობაში პოლიტიკური ნიშნები არ იკვეთება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ვანო მერაბიშვილის საკითხთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ვანო მერაბიშვილი არ უნდა გამოვიდეს ციხიდან, რადგან ის იხდის სასჯელს.

„რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის საქმეს სტრასბურგში, ვიზიარებ თქვენს პოლიტიკურ მწუხარებას იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ ვერ შეძელით, სტრასბურგის დიდი პალატისთვის გეთქმევინებინათ, რომ ვანო არის პოლიტიკური პატიმარი. პირიქით, დიდმა პალატამ თქვა, რომ ის არ არის პოლიტიკური პატიმარი. რომ მის არც დაკავებაში, არც წინასწარ პატიმრობაში და არც ამჟამინდელ პატიმრობაში პოლიტიკური ნიშნები არ იკვეთება. კითხვა იცით ჩემსავით კარგად. ვთქვათ, რომ ჩემზე უკეთესადაც და წაიკითხეთ. ის, რომ მე-18 მუხლი დაირღვა, ეს არ არის ის, რასაც თქვენ ელოდით. თქვენ ელოდით პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მიცემას სტრასბურგის სასამართლოს გავლით. ეს ვერ მოახერხეთ და მე ამ მწუხარებას ვიზიარებ. ვიზიარებ თქვენს ამ ჩავარდნას საერთაშორისო ასპარეზზე. ხოლო ვანო უნდა გამოვიდეს თუ არა ციხიდან, მე თუ მეკითხებით, ვფიქრობ, ის არ უნდა გამოვიდეს, რადგან ის იხდის სასჯელს. ეს არის ორჯერ ორი ოთხივით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.