თეა წულუკიანი - ვამაყობ თითოეული უწყებით და საჯარო მოხელით, რომელმაც ჩვენს შვილებს დაუტოვა იარაღი, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანას გაამთლიანებს
თეა წულუკიანი - ვამაყობ თითოეული უწყებით და საჯარო მოხელით, რომელმაც ჩვენს შვილებს დაუტოვა იარაღი, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანას გაამთლიანებს

ვამაყობ თითოეული უწყებით და საჯარო მოხელით, რომელმაც ჩვენ შვილებს დაუტოვა ის იარაღი, რომელიც ყველანაირ ბირთვულ იარაღზე ძლიერია. ეს არის 21 იანვრის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს ქვეყანას გაამთლიანებს, გააერთიანებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა მომავალი მთავრობის სურვილი უნდა იყოს, რომ ახალი თაობა გააძლიეროს.

„მადლობა მრავლად ითქვა აქ. ბატონ გოჩას მინდა, მადლობა ვუთხრა, მაგრამ არ ჩამითვალოთ დროის კარგვაში და ჩამოვთვლიდი უწყებებსაც და უწყებებთან ერთად მოწმეებსაც, რადგან ის მოწმეები ერედვიდან, თორტიზიდან, გორიდან, კარბიდან, რომლებიც სტრასბურგში ჩაბრძანდნენ და თავიანთ გასაჭირს ყვებოდნენ, მტკიცებულებებს ქმნიდნენ ღია სხდომაზე სტრასბურგის სასამართლოში, რომელსაც არასოდეს განეხილა მანამდე ომის საქმე. ეს იყო პირველი საქმე, როდესაც ორი წევრი სახელმწიფო ერთმანეთთან საომარ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამგვარი საქმე მანამდე სტრასბურგის სასამართლოს განხილული არ ჰქონია. ჩვენს მოწმეებს უპირისპირდებოდნენ რუსი მაღალჩინოსნები სამხედრო შეიარაღებული ძალებიდან და მათთვის უმძიმესი განსაცდელი იყო ამ სხდომაზე ყოფნა და იმის მტკიცება, რომ მათ სოფლებში ქართული ჭურვები კი არ ცვიოდა, არამედ რუსული, მაგრამ შეძლეს და ეს მათი გამარჯვებაა. ასევე, ვულოცავ და მადლობას ვეუბნები ჩვენს დევნილებს გამძლეობისთვის. მინდა, დავიწყო, როგორც თქვენ ბრძანეთ, ასევე პროკურატურით. რადგან, რომ არა პროკურატურა და ასევე თითოეული პროკურორი, რომელმაც ასეულობით მოწმე დაკითხა და იუსტიციის სამინისტრო მტკიცებულებებით შეაიარაღა, რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება ვერ დადგებოდა. რომ არა თავდაცვის სამინისტრო, იქნებოდა ეს აპარატი თუ მთლიანად სისტემა და გენერალური შტაბი, რა თქმა უნდა, ჩვენ მტკიცებულებები არ გვექნებოდა. ეს კოორდინაციის სამუშაო, რაც იუსტიციის სამინისტრომ გაწია, იყო წარმატებული სწორედ იმიტომ, რომ თავდაცვის სამინისტროს, მე კი ასე ვიტყოდი, თუ არა თავდაცვის სამინისტროს, აბა ვის, ყველაზე კარგად ესმოდა, თვითგამორკვევა ვერსუს ტერიტორიული მთლიანობა თუ რა დონის და რა მნიშვნელობის საკითხი იყო. ამიტომ, მადლობა მათ.

აქვე, გვარებს ვერ დავასახელებ, მაგრამ მინდა, ყოფილ თანამშრომლებს თავდაცვის სამინისტროში, ვინც ჩვენ გვეხმარებოდა, ვუთხრა მადლობა. ასევე მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან და ბატონ გოჩას. ჩემს ძვირფას ყოფილ იუსტიციელ კოლეგებს. აქ მყოფებს კარგად ახსოვთ, რომ არა ეს ადამიანები, ჩვენ ერთ-ერთ მიტოვებულ ანგარში ვერ აღმოვაჩენდით „ისკანდერის“ პირველ ნამსხვრევებს, რომელიც წინა ხელისუფლებამ წამოიღო გორიდან, დაყარა და სად დაყარა, თვითონაც არ ახსოვდათ.

სწორედ სუს-ის თანამშრომლებისა და ყოფილი თანამშრომლების დამსახურებაა, რომ ეს აღმოჩნდა. ამის შემდეგ ჩვენ უკვე ის ძაფი გამოვქაჩეთ, რომელმაც უცხოეთში 800 კილო ტვირთს, ანუ დანარჩენი ჭურვის ნაწილს მიგვაგნებინა. ასევე, მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა შსს-ს. დაბოლოს, იმ უწყებას, რომელიც იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ამ ყველაფერს აერთიანებდა და თუნდაც „ისკანდერის“ დაბრუნებაში ლომის წვლილი მიუძღვის, ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩვენი ელჩები და დიპლომატიური კორპუსი. ყველას რა თქმა უნდა, აქ ვერ ჩამოვთვლი. დღეს აბსოლუტურად სხვა სფეროში მიწევს საქმიანობა, მაგრამ ჩემს ვალად მიმაჩნია, როგორც იუსტიციის ყოფილი მინისტრი, რომელიც ვიყავით ასე ვთქვათ, ქოლგა უწყება ამ უწყებათაშორისი სამუშაოსი, გითხრათ, რომ მართლაც ვამაყობ თქვენით, ვამაყობ თითოეული უწყებით და საჯარო მოხელით, რომელმაც ჩვენ შვილებს დაუტოვა ის იარაღი, რომელიც ყველანაირ ბირთვულ იარაღზე უფრო ძლიერია – ეს არის 21 იანვრის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს ქვეყანას გაამთლიანებს, გააერთიანებს. იმ დღეს თუ ჩვენ არ ვიქნებით ცოცხლები, თუმცა რა თქმა უნდა, მსურს, ცოცხლები ვიყოთ, არაფერი არ გვექნება სანანებელი არც იმქვეყნად და არც სირცხვილის საფუძველი გვექნება, რომ მომავალი თაობა არ დავტოვეთ უფრო ძლიერი, ვიდრე ჩვენმა წინა თაობის მთავრობებმა დაგვტოვეს. ეს უნდა იყოს ალბათ, ყველა მომავალი მთავრობის სურვილიც, რომ თავისი ახალი თაობა გააძლიეროს და დაახვედროს ის, რაც მას არ დახვდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

დატოვე კომენტარი