თეა წულუკიანი - ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე ემოციები, პირველ რიგში, პატიმრის ინტერესს აზიანებს, მაგრამ არც ისე შორს მივდივარ, რომ ვინმემ თანამდებობა უნდა დატოვოს
თეა წულუკიანი - ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე ემოციები, პირველ რიგში, პატიმრის ინტერესს აზიანებს, მაგრამ არც ისე შორს მივდივარ, რომ ვინმემ თანამდებობა უნდა დატოვოს

ყველას გვაქვს უფლება, გამოვხატოთ აზრი, თუნდაც ეს იყოს შოკისმომგვრელი სიტყვებით, თუკი ამ უფლებით სარგებლობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ყველა სხვა პოლიტიკოსსაც აქვს იდენტური უფლება, ამას ჰქვია კანონის წინაშე თანასწორობა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განუცხადა.

კითხვაზე, უნდა დატოვოს თუ არა თანამდებობა თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ერეკლე კუხიანიძემ, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე გადამეტებული ემოციები დამაზიანებელია, თუმცა აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს.

„ერთხელ უკვე ვთქვი, რომ ამ საქმეზე ემოციები და გადაჭარბებული ემოციური თუ პოლიტიკური განცხადებები, პირველ რიგში, პატიმრის ინტერესს აზიანებს, რომლის გათავისუფლებაც არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რისთვისაც პატიმრობის პირველივე საათიდან მობილიზებულია სამთავრობო უწყებები და უპრეცედენტო ძალისხმევა ხორციელდება, მაგრამ არც ისე შორს მივდივარ, რომ ვინმემ თანამდებობა უნდა დატოვოს. ყველას გვაქვს უფლება, გამოვხატოთ აზრი, თუნდაც ეს იყოს შოკისმომგვრელი სიტყვებით. ეს წერია ევროპულ კონვენციაში და თუკი ამ უფლებით სარგებლობს ნებისმიერი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რა თქმა უნდა, ყველა სხვა პოლიტიკოსსაც აქვს იდენტური უფლება. სწორედ ამას ჰქვია კანონის წინაშე თანასწორობა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

თბილისის საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა.