თეა წულუკიანი უნგრელ კოლეგას შეხვდა
თეა წულუკიანი უნგრელ კოლეგას შეხვდა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უნგრეთის იუსტიციის მინისტრს შეხვდა. შეხვედრა ბუდაპეშტში გამართული საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში შედგა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანმა ლასლო ტროჩანს მადლობა გადაუხადა უნგრეთის მხარდაჭერისთვის საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისა და ვიზალიბერალიზაციის გზაზე, აგრეთვე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის.

იუსტიციის მინისტრის თქმით, ქვეყნის მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს, რათა საფრთხე არ შეექმნას ქვეყნის უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს – ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას და მისი შენარჩუნებისათვის არაერთ საჭირო ცვლილებებს ახორციელებს კანონმდებლობაში.

თეა წულუკიანმა უნგრელ კოლეგას მართლმსაჯულების სფეროში ჩატარებული რეფორმები გააცნო. მისი თქმით, რეფორმის წარმატებას ცალსახად ადასტურებს სასამართლოს სანდოობის, აგრეთვე, გამამართლებელი განაჩენების ზრდის ტენდენცია. სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი საჩივრების რიცხვი ბოლო წლების განმავლობაში მკვეთრადაა შემცირებული.

იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, აქციოს საქართველო არბიტრაჟისა და მედიაციის რეგიონულ ჰაბად და იმ საკანონმდებლო რეფორმებზე, რომელთაც იუსტიციის სამინისტრო ამ მიმართულებით ახორციელებს, აგრეთვე, წარმატებულ რეფორმებზე ადამიანის უფლებათა სფეროში, ღია მმართველობისა და საჯარო სერვისების მიწოდების კუთხით, რასაც საზოგადოებრივი ცენტრები და იუსტიციის სახლები უზრუნველყოფს.

თეა წულუკიანმა ლასლო ტროჩანს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაც გააცნო ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველო მზადაა, ყველა საერთაშორისო ბერკეტი გამოიყენოს ქვეყნის დეოკუპაციისთვის, იუსტიციის სამინისტრო კი, საქართველოს ინტერესებს სტრასბურგის სასამართლოში იცავს და იმედოვნებს, რომ საქართველოს სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ ევროსასამართლოს მხრიდან დაკმაყოფილდება და საერთაშორისო ინსტიტუტების ძალისხმევით სამართლიანობა აუცილებლად გაიმარჯვებს.