თეა წულუკიანი - უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რათა ნაკლებმა მოქალაქემ დაარღვიოს უვიზო რეჟიმი
თეა წულუკიანი - უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რათა ნაკლებმა მოქალაქემ დაარღვიოს უვიზო რეჟიმი

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა იმისთვის, რომ არაკეთილსინდისიერი მოქალაქეების თითზე ჩამოსათვლელმა რაოდენობამ მთლიანად თაობებს არ შეუქმნას პრობლემა და არ მოხდეს ისე, რომ ეს ისტორიული მიღწევა ერთ დღეს დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უვიზო მიმოსვლის დღეების გამომთვლელი მობილური აპლიკაციის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩი ამბობს, რომ დღესდღეობით არ არსებობს საფრთხე უვიზო რეჟიმის შეჩერებისა, ეს თვითდამშვიდების უფლებას არ გვაძლევს.

„ჩვენ უწყებები ვაგრძელებთ ერთ გზაზე სიარულს, რომელსაც ჰქვია შენარჩუნება იმ ისტორიული მიღწევის, რასაც ჰქვია საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლა შენგენის სივრცეში. ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი აპლიკაციაც, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ შენგენის აპლიკაციას გმოიყენებს არაერთი ახალგაზრდა და არამხოლოდ იმისთვის, რომ უნებლიედ მათ მიერ არ მოხდეს იმ დღეების ოდენობის დარღვევა, რომლის ფარგლებშიც მათ აქვთ მოგზაურობის უფლება.

ყველამ კარგად იცით, ეს არის 180-დღიან პერიოდში მხოლოდდამხოლოდ 90 დღე და არცერთი საათით მეტი.“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობამ უნდა გააგრძელოს მუშაობა იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლებმა მოქალაქემ დაარღვიოს უვიზო რეჟიმის პირობები.

„მართალია, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად იყო და მათი ჩართულობით ეს აპლიკაცია გაკეთდა, გვეუბნება, რომ დღესდღეისობით არ არსებობს საფრთხე იმისა, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეჩერდეს, მაგრამ ეს ჩვენ არ გვაძლევს თვითდამშვიდების უფლებას და უნდა გავაგრძელოთ მუშაობა იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები საქართველოს მოქალაქე იყოს, რომელიც ამ რეჟიმს არღვევს, რომ ჩვენი მოქალაქეები არ არღვევდნენ ევროპული ქვეყნების კანონს იმისთვის, რომ თითზე ჩამოსათვლელმა არაკეთილსინდისიერმა ჩვენმა მოქალაქემ მთლიანად თაობებს არ შეუქმნას პრობლემა და არ მოხდეს ისე, რომ ეს ისტორიული მიღწევა ერთ დღეს დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ“, – განაცხადა წულუკიანმა.