თეა წულუკიანი - გიორგი რურუას განაჩენთან დაკავშირებით რომელიმე მხარის წუხილი თუ არსებობს, შეუძლიათ, გაასაჩივრონ
თეა წულუკიანი - გიორგი რურუას განაჩენთან დაკავშირებით რომელიმე მხარის წუხილი თუ არსებობს, შეუძლიათ, გაასაჩივრონ

თუ კი გიორგი რურუას საქმეზე გამოტანილ სასამართლო განაჩენთან დაკავშირებით რომელიმე მხარის მიერ წუხილი არსებობს, შეუძლიათ, გაასაჩივრონ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, საქართველოში თავისუფალი სასამართლო არსებობს.

„დღეს ყველამ ვნახეთ განაჩენი, რომელიც გამოქვეყნდა სასამართლოს მიერ რურუას საქმეზე. თუ თავად რურუას, მისი ადვოკატების ან პროკურატურის მხრიდან, რომელიც მხარეა ასევე ამ საქმეში, მოცემულ განაჩენთან დაკავშირებით რაიმე წუხილი არის, ჩვენს ქვეყანაში დღეს არსებობს თავისუფალ პირობებში, პოლიტიკური წნეხისგან, აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, იუსტიციის მინისტრისგან, კანონმდებლებისგან თავისუფალი სასამართლო, მათ შორის, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციები, სადაც ორივე მხარეს შეუძლია, გაასაჩივროს მისთვის არასასურველი განაჩენი ან განაჩენის რომელიმე ნაწილი, თუ ისინი მას არ ეთანხმებიან“, – განაცხადა წულუკიანმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დატოვე კომენტარი