თეა წულუკიანი - თუ უკეთესად მოემზადებიან დეპუტატები, მეც მოვემზადები და მოწიწებითა და კდემამოსილებით ვეახლები
თუ უკეთესად მოემზადებიან მომავალში ჩემს პარლამენტში მისაღებად დეპუტატები, მე მოვემზადები და მოწიწებითა და კდემამოსილებით ვეახლები მათ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, მივა თუ არა პარლამენტში, თუ ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით დაიბარებენ.
მისივე თქმით, როდესაც ბოლოს პარლამენტში დაიბარეს, მოემზადა და საკანონმდებლო ორგანოში მივიდა, თუმცა იქ შეკითხვები ვერ მოისმინა.
„ჩემი მოსმენის სურვილი როდესაც ჰქონდათ კანონმდებლებს, მე მოვემზადე, მივბრძანდი მოწიწებით და იქ ვერ მოვისმინე ვერანაირი შეკითხვა. შესაბამისად, თუ უკეთესად მოემზადებიან მომავალში ჩემს პარლამენტში მისაღებად დეპუტატები, მე ასევე მოვემზადები და ასევე იგივენაირი მოწიწებითა და კდემამოსილებით ვეახლები მათ, თუ უკეთესად შეასრულებენ საკუთარ საშინაო დავალებებს ჩემთან შესახვედრად „ევროპული საქართველო“ და მათი ასე ვთქვათ დანაყოფი. მართალია ითქვა, რომ ეს ერთი და იგივე ძალაა – „ნაციონალური მოძრაობა“, ამიტომ იმუშავეთ ბიჭებო, გოგონებო, როდესაც მიბარებთ პარლამენტში, მოემზადეთ, რომ გქონდეთ კითხვები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.