თეა წულუკიანი თინა ბოკუჩავას - ვითხოვ, თქვენ მე დამიცვათ მომავალში, როცა სააკაშვილი თავს დამესხმება გენდერული ნიშნით
თეა წულუკიანი თინა ბოკუჩავას - ვითხოვ, თქვენ მე დამიცვათ მომავალში, როცა სააკაშვილი თავს დამესხმება გენდერული ნიშნით

ვითხოვ, რომ თქვენ მე დამიცვათ მომავალში, როცა სააკაშვილი თავს დამესხმება გენდერული ნიშნით, – ასე მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ თინა ბოკუჩავას.

თეა წულუკიანმა პარლამენტის სხდომაზე განმარტა თინა ბოკუჩავასთვის ხელის ჩამორთმევა და აღნიშნა, რომ დეპუტატის გუშინდელი განცხადებები ზედაპირული იყო.

„ქალბატონო თინა, დიახ, ჩვენ ხელი ჩამოვართვით ცოტა ხნის წინ ერთმანეთს და შევთანხმდით, რომ გავასაჯაროებდით, რაზეც ჩამოვართვით ერთმანეთს ხელი. კერძოდ, იმაზე, რომ მე ვთქვი, თქვენი გუშინდელი განცხადებები იყო ზედაპირული. თქვენ მითხარით, თუ ამას იტყვით ტრიბუნიდან, მერე მე თქვენ დაგიცავთო და ვასაჯაროებ რაზე ვილაპარაკეთო, თორემ მე თქვენთან კულუარებში სასაუბრო არაფერი მაქვს. მე თქვენზე ვთქვი, რომ თქვენი განცხადებები გუშინ იყო ზედაპირული, მაგრამ თქვენ ლამაზი ქალი ხართ. ეს არ არის კარგი განცხადება, ვაღიარებ ამ ტრიბუნიდან, მაგრამ თქვენ ხართ ლამაზი და განათლებული ქალი. ვასწორებ ჩემს გამოსვლას, მაგრამ ამის სანაცვლოდ დამპირდით, რომ როდესაც თქვენი ლიდერი გენდერული ნიშნით დაგესხმება თავს, დაგიცავთო. მითხარით,  ჩემმა ლიდერმა უხამსობები თქვა გენდერული ნიშნითო, დიახ, სააკაშვილი არის უხამსი კაცი, რომელმაც ჩემზე უხამსობით და გენდერული ნიშით ანეკდოტები მოყვა. თქვით, რომ ჩემი ლიდერი, როცა თავს დაგესხმებათ, მე დაგიცავთო. ახლა მე ვითხოვ, რომ მე დამიცვათ მომავალში, როცა სააკაშვილი თავს დამესხმება გენდერული ნიშნით“, – განაცხადა წულუკიანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ დღეს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ მზად არის, დაიცვას თეა წულუკიანი, როგორც ქალი, თუ მას ნებისმიერი პოლიტიკური კუთვნილების ლიდერი მიაყენებს შეურაცხყოფას.