თეა წულუკიანი - სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არის მაქსიმალურად უზრუნველყოფილი გამოხატვის თავისუფლება, ყვავილებითა, თუ ბოქლომებით
თეა წულუკიანი - სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არის მაქსიმალურად უზრუნველყოფილი გამოხატვის თავისუფლება, ყვავილებითა, თუ ბოქლომებით

საქართველოში სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არის მაქსიმალურად უზრუნველყოფილი გამოხატვის თავისუფლება, ეს იქნება ყვავილებით, თუ ბოქლომების საშუალებით, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს აქციებთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა, სადაც მთავრობის სხდომა გაიმართა.

სხდომის პარალელურად, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

„პირველი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არის მაქსიმალურად უზრუნველყოფილი გამოხატვის თავისუფლება, იქნება ეს ყვავილებით, თუ ბოქლომების საშუალებით. მთავარია, რომ არ დაირღვეს კანონი და სახელმწიფომ განაგრძოს ფუნქციონირება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, აღნიშნული ზღვარის გადალახვის შემთხვევაში, სახელმწიფო შესაბამისად იმოქმედებს.

„ყოველთვის, როდესაც ეს ზღვარი იქნება გადალახული და პროტესტს არავითარი კავშირი აღარ ექნება გამოხატვის თავისუფლებასთან, სახელმწიფო იმოქმედებს ისე, როგორც იმოქმედა რამდენიმე დღის წინ. მინდა, ვისარგებლო ამ შემთხვევით და როგორც რიგითმა მოქალაქემ, როგორც იუსტიციის მინისტრმა და როგორც ვიცე-პრემიერმა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, სპეცრაზმელს, მთელ შსს-ს და მინისტრს იმ ჩატარებული ოპერაციისთვის, რომელიც იყო მაღალი კლასის ოპერაცია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.