თეა წულუკიანი - სტრასბურგის სასამართლოში რუსეთ-საქართველოს დავის შესახებ საზოგადოება მედიის მხრიდან სათანადოდ უნდა იყოს ინფორმირებული
თეა წულუკიანი - სტრასბურგის სასამართლოში რუსეთ-საქართველოს დავის შესახებ საზოგადოება მედიის მხრიდან სათანადოდ უნდა იყოს ინფორმირებული

სტრასბურგის სასამართლოში რუსეთ-საქართველოს დავის შესახებ საზოგადოება მედიის მხრიდან სათანადოდ უნდა იყოს ინფორმირებული, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, რუსეთ-საქართველოს დავაზე ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურები მიმდინარეობდა და მიმდინარეობს, რაზეც პირველმა არხმა ინფორმაცია უკვე გაავრცელა.

„რუსეთ-საქართველოს დავაზე ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურები მიმდინარეობდა და მიმდინარეობს. უკვე გავრცელდა პირველი არხით და სხვა მედიასაშუალებებით, სტრასბურგის სასამართლოს ვებგვერდზე დაყრდნობით ინფორმაცია, რომ იქნება ზეპირი განხილვა ერთ-ერთი დავის. ეს არის ე.წ. მეორე სახელმწიფოთაშორისი დავა. აუცილებელი იქნება, რომ ქართული საზოგადოების ყურადღება მედიამ ამ დავაზე სათანადოდ მიაპყროს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

23 მაისს სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე დიდი პალატის მოსმენა გაიმართება.

ქართულმა მხარემ განაცხადი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა. განაცხადი 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებებისა და შემდგომი ოკუპაციის დროს რუსი სამხედროების მონაწილეობით, მათი მხარდამჭერი ან სეპარატისტული რეჟიმის შეიარაღებული ფორმირებების მიერ რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლის ქვეშ ჩადენილ ქმედებებს ეხება.

განაცხადი შეეხება სიცოცხლის უფლების დარღვევებს, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, სასჯელის გამოყენებას, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკუთრების, განათლებისა და გადაადგილების თავისუფლების დარღვევებს.

23 მაისს დიდი პალატის მოსმენა თბილისის დროით 11:00 საათზე დაიწყება.