თეა წულუკიანი - სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა „რუსთავი 2“-ის საქმეს არ გადასინჯავს
თეა წულუკიანი - სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა „რუსთავი 2“-ის საქმეს არ გადასინჯავს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა „რუსთავი 2“-ის საქმეს არ გადასინჯავს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

წულუკიანის თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის ხუთი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ 2019 წლის 9 დეკემბერს იმსჯელა და განსახილველად არ მიიღო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი მესაკუთრეების საჩივარი, რომლითაც სტრასბურგის სასამართლოს ერთ-ერთი პალატის მიერ 2019 წლის 18 ივლისს გამოტანილი გადაწყვეტილების დიდი პალატის მიერ გადასინჯვა იყო მოთხოვნილი.

„შესაბამისად, მომჩივნების ყველა პრეტენზიასთან მიმართებით საბოლოო გახდა აღნიშნულ საქმეზე 2019 წლის 18 ივლისს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც: დაუშვებლად ცნო „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნ. გვარამიას ყველა სასარჩელო მოთხოვნა; დაუშვებლად ცნო, როგორც დაუსაბუთებელი, „რუსთავი 2“-ის მესაკუთრეების – ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილისა და შპს „ტელეკომპანია საქართველო“-ს საჩივარი საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით; დაადგინა, რომ არ დარღვეულა მოცემულ საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლება (მოსამართლეების თ. ურთმელიძისა და მ. თოდუას ეპიზოდები); დაადგინა, რომ არ დარღვეულა მოცემულ საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლება (მოსამართლე ნ. გვენეტაძის ეპიზოდი); დაუშვებლად ცნო სამართლიანი სასამართლოს ნაწილში დანარჩენი პრეტენზიები; დაადგინა, რომ არ არსებობს საჩივრის განხილვის აუცილებლობა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის ჭრილში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს 9 დეკემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება და შესაბამისად, „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2019 წლის 18 ივლისს გამოტანილი გადაწყვეტილება, ყველა მის ზემოჩამოთვლილ ნაწილში, არის საბოლოო.

დატოვე კომენტარი