თეა წულუკიანი - სტრასბურგის სასამართლო, როგორც ყოველთვის, მხოლოდ სამართლებრივად, მხარეთა არგუმენტებზე დაყრდნობით გადაწყვეტს აგვისტოს ომის საქმეს
თეა წულუკიანი - სტრასბურგის სასამართლო, როგორც ყოველთვის, მხოლოდ სამართლებრივად, მხარეთა არგუმენტებზე დაყრდნობით გადაწყვეტს აგვისტოს ომის საქმეს

სტრასბურგის სასამართლო, როგორც ყოველთვის, ცივი გონებით, მხოლოდ სამართლებრივად, მხარეთა არგუმენტებზე დაყრდნობით გადაწყვეტს ამ საქმეს,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პირველი არხის გადაცემაში, „42° პარალელი“ რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე საქართველოს მთავრობამ მაქსიმუმი გააკეთა.

„მიუხედავად იმისა, თუ როგორი უნდა იყოს დღევანდელი ურთიერთობები რუსეთისა და ევროპის საბჭოსი, რომლის ნაწილია სტრასბურგის სასამართლო, მათ შორის, მწვავე ურთიერთობები ფინანსურ თემებზე, სტრასბურგის სასამართლო, როგორც ყოველთვის, ცივი გონებით, მხოლოდ სამართლებრივად, მხარეთა არგუმენტებზე დაყრდნობით გადაწყვეტს ამ საქმეს.

ამისათვის დააფუძნეს ის ევროპელმა მამებმა თავის დროზე. დღეს აბსოლუტურად მშვიდად ვართ იმ გაგებით, რომ მაქსიმუმის მაქსიმუმი გაკეთდა და მთავარია, ახლა დაველოდოთ, თვითონ სხდომაზე როგორ გამოვა ქართული მხარე“,- აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

თეა წულუკიანს იმედი აქვს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება დროში არ გაჭიანურდება.

„სხდომაც არ არის მარტივი. მხარეები ღელავენ ყველა სასამართლო პროცესის წინ. ეს ბუნებრივია. საინტერესოა, რას გვიპასუხებს რუსეთი, რა აქვს მას კიდევ სათქმელი. შემდეგ უკვე ყველა ერთად დაველოდებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რაც, კიდევ ერთხელ ვამბობ, დიდი იმედი მაქვს, არ გაჭიანურდება დროში; იმიტომ, რომ პირველი სახელმწიფოთაშორისი დავა 2006 წლის მოვლენებზე, როდესაც ეთნიკური ნიშნით ქართველები რუსეთიდან გამოაძევეს, კოლექტიური გამოძიებების ღონისძიებების ფორმით ეს დავა ჩვენ არსებითად მოვიგეთ რუსეთის წინააღმდეგ. მაგრამ მაშინ სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ კომპენსაციის საკითხს განიხილავდა მოგვიანებით.

მას შემდეგ გავიდა 3 წელზე მეტი და დღემდე ჩვენ სტრასბურგის სასამართლოსგან არ გვაქვს კომპენსაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. იმედი მაქვს, რომ ამ დავაზე, როდესაც 23 მაისის სხდომა ჩატარდება. გადაწყვეტილებას უფრო ადრე მივიღებთ, ვიდრე სამი წელია“,- აღნიშნა თეა წულუკიანმა გადაცემაში „42° პარალელი“.

სახელმწიფოთაშორის დავას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაადაკომპლექტებული. დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი ხელმძღვანელობს.

სტრასბურგის სასამართლო აგრძელებს საქმის განხილვას „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“. ზეპირი მოსმენა 23 მაისსაა ჩანიშნული.