თეა წულუკიანი - სტრასბურგის გადაწყვეტილება იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამართლებრივი არგუმენტი ქვეყნის გაერთიანებისა და დეოკუპაციისთვის
თეა წულუკიანი - სტრასბურგის გადაწყვეტილება იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამართლებრივი არგუმენტი ქვეყნის გაერთიანებისა და დეოკუპაციისთვის

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის გადაწყვეტილება იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამართლებრივი არგუმენტი ქვეყნის გაერთიანებისა და დეოკუპაციისათვის.

ამის შესახებ თეა წულუკიანმა პირველი არხის გადაცემაში, „42° პარალელი“ განაცხადა.

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოტანილი პირველი გადაწყვეტილება, რომელიც იტყვის, რომ რუსეთი აკონტროლებდა და აკონტროლებს ცხინვალის რეგიონს, რომ ე.წ. სამართლებრივი გაგებით ეფექტური კონტროლი არის მისი და არა ვინმე სხვისი, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ეს დავა და ამ დავის ფარგლებში დაყენებული ყველა დარღვევა სწორედ რუსეთის პასუხისმგებლობაა“,- აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

მისივე თქმით, იმის თქმა, რომ იქ ეთნიკური ქართველები მოკლეს ოსებმა და რუსეთი არაფერ შუაშია, სამართლებრივად სუსტია.

„რუსეთის პრეზიდენტ პუტინის გამოსვლებით დაწყებული, სხვა დოკუმენტური მასალით ვაჩვენებთ, რომ დიახ,  რუსეთი წვრთნიდა იმ შენაერთებს; დიახ, რუსეთის ხელით და რუსულ კანონებზე დაყრდნობით ხდებოდა ყველა ის დარღვევა, რაც ცხინვალის რეგიონში მოხდა. ეს ყველაფერი იქნება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში და ჩვენი მომავალი თაობებისთვის იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამართლებრივი არგუმენტი სამომავლო ბრძოლაში ქვეყნის გაერთიანებისა და დეოკუპაციისათვის“,- განაცხადა თეა წულუკიანმა გადაცემაში „42° პარალელი“.

სახელმწიფოთაშორის დავას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაადაკომპლექტებული. დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი ხელმძღვანელობს.

სტრასბურგის სასამართლო აგრძელებს საქმის განხილვას „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“. ზეპირი მოსმენა 23 მაისსაა ჩანიშნული.