თეა წულუკიანი სპორტულ კარატეში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას დაესწრო
თეა წულუკიანი სპორტულ კარატეში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას დაესწრო

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ისტორიაში პირველად მასპინძლობს სპორტულ კარატეში კადეტთა, იუნიორთა და 21-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატს, რომელშიც 49 ქვეყნის 1 200-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე სპორტიდან გააცილეს ცნობილი ქართველი კარატისტი გოგიტა არქანია. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, ევროპული თამაშების ორგზის ბრინჯაოს მედლის მფლობელმა, ევროპის ჩემპიონატის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორმა და 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის მონაწილემ კარიერა 39 წლის ასაკში დაასრულა.

„თბილისი არენაზე“ ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, კარატეს მსოფლიოსა და ევროპის ფედერაციების პრეზიდენტი ანტონიო ესპინოსი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი თემურ გიგნაძე ესწრებოდნენ.

თეა წულუკიანმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ჩემპიონატის მონაწილე ახალგაზრდა სპორტსმენებს წარმატებები უსურვა.

ამასთან, მინისტრმა კარატეს მსოფლიოსა და ევროპის ფედერაციების პრეზიდენტთან, ანტონიო ესპინოსთან და საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტთან, თემურ გიგნაძესთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და გეგმებზე ისაუბრეს.

ჩემპიონატი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. საქართველოს ნაკრები ტურნირზე 26 სპორტსმენით წარდგება. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონის ტიტულის დაცვას 21-წლამდელთა შორის – იკა სულამანიძე, იუნიორებს შორის კი უტა ფონიავა შეეცდებიან. ორივე სპორტსმენმა 2023 წელს კვიპროსში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა. ღონისძიებაში მონაწილეობდა სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“.

ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.