„სპეკულირება, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა პოლიტიკურ შეფერილობას ატარებდა, სტრასბურგის სასამართლომ უარყო“
„სპეკულირება, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა პოლიტიკურ შეფერილობას ატარებდა, სტრასბურგის სასამართლომ უარყო“

სპეკულირება, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა რომელიმე მომენტში პოლიტიკურ შეფერილობას ატარებდა, არის სტრასბურგის სასამართლოს მიერ ცალსახად და დასაბუთებულად უარყოფილი, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, სტრასბურგის დიდმა პალატამ გამოაცხადა გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე და 17-მა მოსამართლემ ერთხმად დაადასტურა, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავება, წინასწარი პატიმრობის შეფარდება და წინასწარი პატიმრობა, რომელიც გაგრძელდა, იყო კანონიერი.

„სასამართლომ ასევე მისი გადაწყვეტილების 170-ე პარაგრაფში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი განხილვის საგანს ამ საჩივრის ფარგლებში არ წარმოადგენდა ვანო მერაბიშვილის განაჩენის საფუძველზე პატიმრობის კანონიერების განხილვა. დიდმა პალატამ ვანო მერაბიშვილის მიერ გასაჩივრებულ მუხლებთან დაკავშირებით დაადგინა, რომ არ დარღვეულა კონვენციის მეხუთე პირველი მუხლი და ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა 2013 წლის მაისიდან 2014 წლის თებერვლამდე იყო კანონიერი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით ასევე ერთხმად დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მეხუთე მესამე მუხლი 2013 წლის სექტემბერში, როდესაც მერაბიშვილმა იშუამდგომლა წინასწარი პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიების შეცვლის შესახებ, მოსამართლემ ისე რომ არ დაასაბუთა თავის გადაწყვეტილება, შუამდგომლობა ზეპირად უარყო და ეს მოსამართლის მხრიდან ჩაითვალა კონვენციის დარღვევად.

“მეთვრამეტე მუხლთან დაკავშირებით, რომელიც პალატის გადაწყვეტილებაში იყო მოყვანილი, როგორც ჩანს დიდი პალატის 17 მოსამართლის ხმები გაიყო სერიოზულად და 9 ხმით 8 ხმის წინააღმდეგ დადგინდა, რომ დაირღვა მე-18 მუხლი იმ ერთი ინციდენტიდან გამომდინარე, რომელიც ეხება 2013 წლის 14 დეკემბრის ღამით ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამავე 18-ე მუხლთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ საკმაოდ დრო და ადგილი დაუთმო თავის გადაწყვეტილება იმის განხილვას, ემსახურებოდა თუ არა მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა, მისი პოლიტიკიდან ჩამოშორებას და დაადგინა გადაწყვეტილების 32-ე და 329-ე პუნქტებში, ეს პატიმრობა არ ემსახურებოდა ვანო მერაბიშვილის პოლიტიკიდან ჩამოშორების მიზანს.

„სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ამ ნაწილში ვანო მერაბიშვილს არგუმენტებს ვერ გაიზიარებდა. შესაბამისად ყველანაირი მტკიცება, სპეკულირება იმასთან დაკავშირებით, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა რომელიმე მომენტში პოლიტიკურ შეფერილობას ატარებდა, არის სტრასბურგის სასამართლოს მიერ ცალსახად და დასაბუთებულად უარყოფილი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ გადაწყვეტილებას ღამით საკნიდან გაყვანის ფაქტს მხოლოდ 9 მოსამართლემ დაუჭირა მხარი, ანუ უმრავლესობამ, ხოლო 8 იყო წინააღმდეგი. ამ 8 მოსამართლემ, რომელმაც არ მისცა ხმა გადაწყვეტილებას, დაურთო სხვანაირი ახსნა, თუ რატომ არ დაეთანხმა ამ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება სამართლიან დაკმაყოფილებას, აქ გვაქვს ცვლილება პირველი ინსტანციის პალატასთან შედარებით, რადგან დიდმა პალატამ ჩათვალა, რომ ბრიტანელ ადვოკატებს, ქართველ ადვოკატებს, მათ შორის ოთარ კახიძეს არ უნდა მიკუთვნებოდათ არანაირი ჰონორარი და კომპენსაცია, რადგან მათ ვერ წარადგინეს დოკუმენტაცია, რომ ვანო მერაბიშვილმა ნამდვილად გასწია მათი მომსახურებისთვის თანხა. თუკი პალატამ პირველი ინსტანციამ ამ ადვოკატებს რაიმე მიანიჭა ეს გადაწყვეტილება იქნა გაუქმებული. რაც შეეხება თავად პატიმარს, მას მორალური კომპენსაციისთვის მოთხოვნილი ჰქონდა 15 000 ევრო და დიდმა პალატამ მას მიანიჭა 4 ათასი ევრო, რომელიც უნდა იქნას გადახდილი დღეიდან სამი თვის ვადაში“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ საქმეზე – ვანო მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, გადაწყვეტილება გამოაცხადა.საქმე ეხება ყოფილი პრემიერის საკნიდან გაყვანის ეპიზოდს.