თეა წულუკიანი - შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი არის გამოშიგნული, ყველაფერს გავაკეთებთ მის აღსადგენად
თეა წულუკიანი - შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი არის გამოშიგნული, ყველაფერს გავაკეთებთ მის აღსადგენად

დღეს 122 წელი შეუსრულდა შალვა ამირანაშვილს, რომლის სახელობის ხელოვნების მუზეუმიც ჩვენც გვაქვს თბილისში, ეს მუზეუმი სამწუხაროდ, დღეს მხოლოდ ქაღალდზე არსებობს და ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ყველაფერს გავაკეთებთ ამ მუზეუმის აღსადგენად, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, დღეს კულტურის კომიტეტში შედგა შეხვედრა და საუბარი იმ საერთო გეგმებზე, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებასა და დარგობრივ კომიტეტს ექნებათ სამომავლოდ.

„ვისაუბრეთ საკანონმდებლო ხარვეზებზე, იქნება ეს საავტორო უფლებების ნაწილში თუ სხვა, რომელიც ერთად უნდა გავასწოროთ. ვისაუბრეთ, როგორ უნდა შევძლოთ ის გაფანტული სამართლებრივი, მოძველებული ნორმები, ზოგი მუზეუმების კანონში, ზოგი კულტურის შესახებ კანონში, ან კიდევ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონში, განვაახლოთ ერთ დოკუმენტში, კულტურის კოდექსში მოვუყაროთ თავი და თანამედროვეობას ვუპასუხოთ თანამედროვე კანონმდებლობით, რის გარეშეც ძნელი იქნება, რომ 2024 წელს ჩვენ განაცხადი გავაკეთოთ წევრობაზე ევროკავშირში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, კომიტეტის სხდომაზე საუბარი შეეხო, როგორ უნდა გატარდეს უმაღლესი სახელოვნებო განათლების რეფორმა.

„თითქოს ერთი შეხედვით პატარა საკითხებზეც ვისაუბრეთ, რაც უდიდესი მნიშვნელობის არის სინამდვილეში, ეს არის სხვადასხვა სასწავლებლებში მაგალითად, ჩვენი მოსწავლეებისთვის უკეთესი და ხარისხიანი ინსტრუმენტების ქონა, რადგან არამხოლოდ სკოლებში, სამუსიკო სკოლებში, არამედ კონსერვატორიაშიც კი, არის უმწვავესი დეფიციტი ინსტრუმენტების. მრავალი ამგვარი საკითხი იქნა კომიტეტის შეხვედრაზე განხილული, რაზეც ერთად უნდა ვიმუშაოთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კითხვაზე, გეგმავს თუ არა ხელოვნების მუზეუმის დირექტორის შეცვლას ან იგეგმება თუ არა რაიმე სახის გამოძიების დაწყება, თეა წულუკიანმა აღნიშნა, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი არის გამოშიგნული, ცარიელი საგამოფენო სივრცეებით.

„თუ გექნებოდათ შესაძლებლობა ნახავდით, ის არის დახურული, ერთადერთი ფონდი, რაც იქ ინახება, არის ე.წ. ოქროს ფონდი, ვინაიდან, მისი გატანა იქიდან ვერ მოხერხდა მისი მცველის და აწ უკვე თამარ მეფის ორდენოსანის, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებული ელენე კავლელიშვილის დამსახურებით. ვერ მოხერხდა ოქროს ფონდის სხვა მუზეუმებში გადატანა, სხვა მხრივ შალვა ამირანაშვილის მუზეუმი მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. ჩვენი პრიორიტეტია ამ მუზეუმის აღდგენა იმ კოლექციების, რომელიც სხვა მუზეუმებშია, გატანილი თავმოყრა, აღწერა და დაბრუნება. უფრო მეტსაც გეტყვით, ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ეროვნულ მუზეუმთან დაკავშირებით იქნება კოლექციების თანამედროვე წესით მოვლა-პატრონობა. ჩვენ ვიცით, რომ ფონდები სათანადოდ აღწერილიც კი არ არის და ამაზე ალბათ მუზეუმის დირექტორი ჩემზე უკეთესად და კვალიფიციურად ისაუბრებს. ფაქტი ფაქტად რჩება, ფონდები აღწერილიც კი არ არის, არც თანამედროვე წესით და არც ძველებური წესით, რეალურად ეს ქაოტური პროცესები, რომელსაც მოწესრიგება სჭირდება“, – განაცხადა წულუკიანმა.