თეა წულუკიანი - საუბარია ინიციატივაზე, რომ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, კიდევ 30 წელი გვქონდეს დეკლარაციის შევსების ვალდებულება, არავის არ ჰქონდეს ილუზია, რომ უკანონო ქონებას დამალავს
კორუფცია არ არის მხოლოდ ჩვენი გამოწვევა, ეს არის ყველა ქვეყნის გამოწვევა, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გარდა მე დავამატებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეს ორი წამყვანი საგამოძიებო ორგანოა ჩვენ ქვეყანაში და რაც მთავარია, პროკურატურას, რომლის გარეშეც, რა თქმა უნდა, ვერავითარი გამოძიება ვერ იქნება წარმართული ქართული კანონით დადგენილი წესით. მოკლედ რომ ვთქვათ, ძალოვანი სტრუქტურებს რომ ვეძახით. მათი გააქტიურება, რა თქმა უნდა, სახეზეა, თუმცა ეს არის აღმასრულებელი ხელისუფლების პრიორიტეტი და შესაბამისად, მე შეიძლება, ვერ გამოგადგეთ იმისთვის, რომ ამ თემაზე ყველა კითხვაზე მქონდეს პასუხი. პარლამენტი პოლიტიკური ორგანოა და შესაბამისად, პოლიტიკა როგორც წესი, არ არის ხოლმე ამაში ჩართული, მაგრამ ზოგადი შეფასების სახით, რა თქმა უნდა, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ხოლმე, განსაკუთრებით ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წლებში, კორუფციის პრევენცია და ძალიან ბევრი ახალი კანონი, თუ კანონქვემდებარე აქტი იქნა მიღებული ჯერ კიდევ პირველი მთავრობის შემადგენლობის პირობებში და შემდგომ წლებშიც. კორუფცია არ არის მხოლოდ ჩვენი გამოწვევა, ეს არის ყველა ქვეყნის გამოწვევა და ძალიან მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ მიუხედავად პრობლემებისა, საქართველო მაინც არის ევროპაში, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ ევროპაში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ყველაზე წარმატებული თუ არა ზოგ შემთხვევაში, ბევრ შემთხვევაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კორუფციასთან ბრძოლის რეიტინგების მიხედვით. კონკრეტულ საქმეებზე მე ვერ გიპასუხებთ. ეს არ არის ჩემი ფუნქცია, არც ინფორმაცია არ მაქვს დეტალური და ვერ მექნება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მტკიცებულებებზე დაფუძნებული სასამართლო პროცესები ვიხილოთ და დარწმუნებული ვარ, ყველა შეძლებს თავისი პოზიციების დაცვას შეჯიბრებითობის პირობებში, რომელიც ჩვენი კანონმდებლობის ნაწილია, პროკურატურა თავის მხრივ და ასევე დაცვის მხარე. „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რამაც „ქართულ ოცნებას“ ჩემი აზრით, სხვა მიზეზებთან ერთად შეანარჩუნებინა დღემდე ხელისუფლება და ეს არის ხელისუფლება, რომელიც, როდესაც ხედავს თავისივე წიაღში პრობლემას, ამას ყოველთვის ამბობდა და შემდეგ ცდილობდა ამის გამოსწორებას, რასაც ვერ ვიტყვით წინა ხელისუფლებაზე. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ ხალხმა ისინი გაისტუმრა პოლიტიკიდან. რა თქმა უნდა, სჯობს, არ მოხდეს ხოლმე კორუფცია, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება არა მხოლოდ კორუფციის ნაწილში, არამედ თქვენ გახსოვთ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე იყო გახმაურებული საქმეებიც და ყოველთვის „ქართული ოცნება“ ცდილობდა, პირველს მას აღენიშნა ის, რასაც შეხედავდა, რომ ხარვეზია და ის გამოესწორებინა. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რომ არა ეს, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ უფრო ადრე წავიდოდა ხელისუფლებიდან, მაგრამ ამომრჩეველი ხედავს ყველაფერს“, – განაცხადა წულუკიანმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა არის საჭირო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში იმ ნიშნულის მისაღწევად, რაც გაცხადებული აქვს ხელისუფლებას, რომ იყოს ერთ-ერთი მოწინავე ამ საქმეში, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები არაერთი წელია, არ განხორციელებულა.
„ეს ფაქტია და ალბათ, საჭიროა. ერთ-ერთი ბოლო ინიციატივა რაც იყო დეკლარაციებთან დაკავშირებით, ეს მე ვფიქრობ, ძალიან კარგია. არსებობს ასევე კორუფციასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭო, რომელიც შეიძლება, კიდევ მეტად აქტიური გახდეს, რომ პრევენცია იყოს მნიშვნელოვანი და საკანონმდებლო ცვლილებები სხვაც იყოს შემუშავებული. საუბარი იყო იმაზე, რომ როდესაც ჩვენ წავალთ ხელისუფლებიდან, კიდევ 30 წელი გვქონდეს ვალდებულება, დეკლარაცია შევავსოთ და როგორც პრემიერმა სამართლიანად აღნიშნა, არავის არ ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ხელისუფლებიდან წავა და უკანონოდ ქონებას, თუ მატერიალურ სხვა სიკეთეს დამალავს. არც 40 და 50 წელია, ვთქვათ, პრობლემა. ჩემს შემთხვევაში შეიძლება, მეტისმეტი იყოს, ამდენს ვინ იცოცხლებს, მაგრამ არიან ახალგაზრდა პოლიტიკოსები და შეიძლება, მათთვის 40 და 50 წელიც რელევანტური იყოს. ეს პირიქით, კარგია. ეს ჯობდა ალბათ, მანამდეც გაკეთებულიყო, მაგრამ ახლა ეს მხარდასაჭერია ნამდვილად და ჩვენ როდესაც კვლავ შევიკრიბებით, ამ კარგ ინიციატივას მხარს დავუჭერთ, მაგრამ ბევრი სხვა რაღაცის გაკეთებაც შეიძლება, რომ პრევენცია იყოს წამყვანი“, განაცხადა თეა წულუკიანმა.