თეა წულუკიანი - ამ საქმეს ის ადამიანიც ვერ გამოიძიებს, ვინც ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვდა, თუ მოწმეებმა არ თქვეს, რაც დაინახეს
თეა წულუკიანი - ამ საქმეს ის ადამიანიც ვერ გამოიძიებს, ვინც ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვდა, თუ მოწმეებმა არ თქვეს, რაც დაინახეს

ყველა უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ როცა მკვლელობაა მომხდარი და ამ ფაქტს შევესწარით, უნდა ვთქვათ სიმართლე, ის, რაც დავინახეთ, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.

„ასეთი ათეულობით ბავშვი და კორპუსებში მცხოვრები, თუ სხვა სრულწლოვანი ადამიანია“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, პროკურატურას ოთხი მოწმის ჩვენება აქვს, რომლებიდანაც, რა თქმა უნდა, ვერ დგინდება სიმართლე.

„ოღონდ სიმართლე მხოლოდ მოწმეებმა იციან. არ შეიძლება, ეს იცოდნენ ირაკლი შოთაძემ, პროკურორმა, გამომძიებელმა და მოსამართლემ, რომლებიც იქ არ ყოფილან. გამომძიებელი სასწაულმოქმედი არ არის და სასწაულმოქმედი მით უფრო ვერ იქნება ვერც უკვე გადამდგარი ირაკლი შოთაძე და ვერც მომავალი ირაკლი შოთაძე, ვინც არ უნდა იყოს. პარლამენტმა ხვალ მთავარ პროკურორად ის ადამიანიც რომ აირჩიოს, ვინც დღეს ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვდა, ამ საქმეს ისიც ვერ გამოიძიებს, თუ მოწმეებმა არ თქვეს ის, რაც დაინახეს“, – განაცხადა წულუკიანმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა შეიძლება შეიცვალოს იმ შემთხვევაში, თუ არსებული მოცემულობა გაგრძელდა, თანამშრომლობაზე ყველამ კვლავინდებურად უარი განაცხადა და ომერტა დაიცვა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ იმედი აქვს, ბავშვები, რომლებმაც გამომძიებლის წინაშე სიმართლე არ თქვეს, ამას პარლამენტის წინაშე მაინც იტყვიან.

„არ ვიცი, ეს რამდენად მოხერხდება, მაგრამ მთავარია, ჩვენ, დაზარალებულები, გამოძიება და ყველა ერთად ჭეშმარიტების მხარეს ვიყოთ“, – განაცხადა წულუკიანმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, ხომ არ ფიქრობს იუსტიციის მინისტრი, რომ საკანონმდებლო დონეზე ცვლილებებია საჭირო, რადგან ფაქტია, საყოველთაო დუმილი და გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის თავის არიდება პრობლემად იქცა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ არ იცის, რა საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ დუმან, მოწმეებს ციხეში ვერ გაუშვებენ და ვერც აწამებენ, რათა აალაპარაკონ.

„რა თქმა უნდა, ამის გაკეთება შეიძლება, მაგრამ ამას ჩემი მხარდაჭერა ვერ ექნება. როგორც ჩანს, ასეთ მეთოდებს არც ირაკლი შოთაძის მხარდაჭერა ჰქონდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.