თეა წულუკიანი - საქართველომ უნდა შეისწავლოს ცილისწამებისა და ცრუ ინფორმაციის თავიდან აცილების ევროპული მოდელები
თეა წულუკიანი - საქართველომ უნდა შეისწავლოს ცილისწამებისა და ცრუ ინფორმაციის თავიდან აცილების ევროპული მოდელები

საქართველომ უნდა შეისწავლოს ცილისწამებისა და ცრუ ინფორმაციის თავიდან აცილების ახალი ევროპული მოდელები, რადგან ყველა ევროპული სახელმწიფო შეეცადა, რომ მიზანმიმართული ცრუ საინფორმაციო კამპანიების წინააღმდეგ, იქნება ეს მედიასივრცეში, თუ სოციალურ ქსელებში, გარკვეული დამცავი მექანიზმები კანონით შეემუშავებინა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, საქართველომ უნდა შეისწავლოს და გაიზიაროს ამ კუთხით არსებული გამოცდილება, რათა ადამიანზე არ ითქვას ის, რაც არ არის სიმართლე და თან ისე, რომ ამან არანაირი საფრთხე შეექმნას გამოხატვის თავისუფლებას.

„ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა, ვართ სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების პროცესში, ვისწრაფით ევროპული სტილის სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისკენ. გამოცდილების შესწავლა და გაზიარება ღირს ერთადერთი მიზნით, რომ ადამიანებზე არ გავრცელდეს ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ არის სიმართლე. ამისგან ყველა უნდა იყოს დაცული, თან ისე, რომ არანაირი საფრთხე არ შეექმნას გამოხატვის თავისუფლებას. ამის მაგალითი სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში არსებობს და ვფიქრობ, უნდა ვნახოთ, როგორ მოაწესრიგეს მათ ეს საკითხები”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.