საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოსა და საქართველოს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოსა და საქართველოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟის დასაფუძნებლად, საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოსა და საქართველოს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მემორანდუმს 20 დეკემბერს საზეიმო ვითარებაში ხელი მოაწერეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე ალექსის მურმა პარიზში.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, უწყება ორ წელიწადზე მეტია, მუშაობს იმისთვის, რომ საქართველოში მოიზიდოს საარბიტრაჟო სფეროში მაღალი ავტორიტეტის მქონე საერთაშორისო ინსტიტუტები. აღნიშნულ მემორანდუმზე ხელმოწერა საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, იქცეს რეგიონის ბიზნეს და საარბიტრაჟო ცენტრად. საქართველოს საამისოდ კარგი პოტენციალი აქვს, რაც არაერთხელ აღინიშნა მემორანდუმის ხელმოწერამდე იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოებული მოლაპარაკებების პროცესში უცხოელი ექსპერტების მიერ.

თეა წულუკიანის განცხადებით, მემორანდუმის ხელმოწერიდან ერთი წლის თავზე გაწეული სამუშაოებისა და ძალისხმევის შეფასებისა და შეჯამების შემდეგ, მხარეები მიიღებენ გადაწყვეტილებას, განსაზღვრონ ფორმა, რომლითაც საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო არბიტრაჟი საქართველოში დააარსებს თავის წარმომადგენლობას.

„ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, ვიცოდეთ, რომ ეს მემორანდუმი ვერ იქნებოდა ხელმოწერილი, მოლაპარაკებები ვერ დამთავრდებოდა წარმატებით, რომ არ გასჩენოდა საარბიტრაჟო სასამართლოს იმის მყარი განცდა, რომ საქართველოს მართლმსაჯულება და სასამართლო სისტემა არის არბიტრაჟის პროცედურების შესაბამისი, რომ ჩვენს მოსამართლეებს აქვთ საერთაშორისო და ქართულ საარბიტრაჟო სამართალში შესაბამისი კვალიფიკაცია და კომპეტენცია. ამის გარეშე ქვეყნებთან საერთაშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტები არ თანამშრომლობენ. მე მინდა, ჩვენი მართლმსაჯულების სისტემასაც მივულოცო ეს შეფასება. დღეიდან, ამ ძალიან მნიშვნელოვანი ხელმოწერის შემდეგ, შევძლებთ, ჩვენი თანამშრომლობა ავიყვანოთ უფრო მაღალ ხარისხში ერთადერთი მიზნით − მიზანი არის ის, რომ საქართველო იქცეს არა მხოლოდ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყნად რეგიონში, რაც შეეხება სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობას, არამედ იყოს ჩვენი რეგიონის ბიზნესმენებისათვის საინტერესო ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება სწორედ საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს არბიტრების მიერ რეგიონის ბიზნესდავების განხილვა. რეგიონში, რა თქმა უნდა, მხოლოდ სამხრეთ კავკასია არ იგულისხმება − აქ საუბარია მცირე აზიაზე, ცენტრალურ აზიაზე, რუსეთზე, თურქეთსა და რეგიონის ყველა იმ ქვეყანაზე, რომელთაც შეიძლება აინტერესებთ და აინტერესებდეთ საქართველო როგორც ბიზნესის კეთების საუკეთესო ადგილი“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მემორანდუმი აყალიბებს საქართველოსა და საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთან თანამშრომლობის საერთო ჩარჩოს, რომლის მიხედვითაც, მხარეები თანხმდებიან, მიმართონ ერთობლივ ძალისხმევას, რათა ხელი შეუწყონ საქართველოს, როგორც საერთაშორისო არბიტრაჟის რეგიონული ცენტრის განვითარებას და ამასთან, საქართველოში ICC-ის არბიტრაჟის გამოყენების პოპულარიზაციას; ICC საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით მზად არის, განახორციელოს როგორც ადგილობრივი, ისე რეგიონული მასშტაბის სხვადასხვა საგანმანათლებლო და აკადემიური პროგრამა ჩვენს ქვეყანაში; სასამართლო, ასევე, განიხილავს საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრთან ინსტიტუციური თანამშრომლობის შესაძლებლობას.მემორანდუმის ამოქმედებიდან ერთი წლის თავზე მხარეები შეხვდებიან, რათა შეაფასონ, რა ფორმით არის შესაძლებელი, ICC წარმოდგენილი იყოს საქართველოში.

ამასთან, საქართველოს საარბიტრაჟო ცენტრად გადაქცევა შესაძლებელი გახადა არბიტრაჟის შესახებ საუკეთესოს საერთაშორისო პრაქტიკასა და სტანდარტებთან შესაბამისმა საქართველოს კანონმდებლობამ, საარბიტრაჟო და დავის ალტერნატიული გზებით მოგვარების კარგმა პრაქტიკამ და არბიტრაჟის მხარდამჭერმა და მეგობრულად განწყობილმა ქართულმა სამოსამართლო პრაქტიკამ (arbitration-friendly Georgian judiciary). მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულმა „არბიტრაჟის შესახებ“ კანონში ცვლილებებმა; არბიტრაჟის ინსტიტუტის მხარდაჭერის გაძლიერების, საარბიტრაჟო შეთანხმებებისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების სწრაფი აღსრულების მექანიზმების შემუშავებამ. კერძოდ, ცვლილებები, რომლებმაც უზრუნველყო კანონის დაახლოება საერთაშორისო სტანდარტებთან; აღსრულების სისტემის რეფორმამ, რომელზეც იუსტიციის სამინისტრო მუშაობს და რომლის თანახმადაც აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლისა და კერძო აღმასრულებლის ინსტიტუტის ნაცვლად შეიქმნება აღმასრულებელთა პალატა. მოლაპარაკებების დროს, ასევე, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის გეოპოლიტიკურმა მდებარეობამ. საქართველოს უპირატესობად ჩაითვალა განვითარებული სამართლებრივ-ინსტიტუციური გარემოც.