თეა წულუკიანი - სამთავრობო ხედვა თუ იქნება განათლების სამინისტროდან კულტურის მიმართულების გამოყოფა, ჩვენი კომიტეტი სხვებთან ერთად სათავეში ჩაუდგება საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებს
თეა წულუკიანი - სამთავრობო ხედვა თუ იქნება განათლების სამინისტროდან კულტურის მიმართულების გამოყოფა, ჩვენი კომიტეტი სხვებთან ერთად სათავეში ჩაუდგება საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებს

განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის მიმართულების გამოყოფის საკითხზე სამთავრობო გუნდში მსჯელობა გრძელდება, რის შესახებაც დღეს მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა ისაუბრა.

წულუკიანის თქმით, მნიშვნელოვანია პრემიერის პოზიცია და მთლიანად მთავრობის ხედვა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.

თეა წულუკიანი განმარტავს, რომ კულტურის მიმართულების გამოყოფაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტი სხვა კომიტეტებთან ერთად საჭირო საკანონმდებლო ცლილებებს განახორციელებს.

„ეს უნდა იყოს სამთავრობო ხედვა, მოვისმინეთ მინისტრის პოზიცია, რომ გუნდში გრძელდება ამ საკითხზე მსჯელობა და რომ გამოყოფა იქნებოდა მიზანშეწონილი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრის პოზიცია და მთლიანად სამთავრობო ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ ეს იქნებოდა მათი ხედვა, ჩვენი კომიტეტი სხვა კომიტეტებთან ერთად ჩაუდგებოდა სათავეში საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებს“, – აღნიშნა წულუკიანმა.