თეა წულუკიანი - სახელმწიფო უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებებს შორის ბალანსი დაცული უნდა იყოს
თეა წულუკიანი - სახელმწიფო უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებებს შორის ბალანსი დაცული უნდა იყოს

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფო უსაფრთხოების თემებს, მათ შორის კიბერუსაფრთხოების პრევენციას, უნდა იყოს დაცული ბალანსი ერთი მხრივ სახელმწიფო უსაფრთხოებასა და მეორე მხრივ ადამიანის უფლებებს შორის.

ამ კომენტარით თეა წულუკიანი გამოეხმაურა „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტს და მასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას.

წულუკიანის თქმით, თუ კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, ინიციატორს, ასევე შესაბამის უწყებებს არგუმენტირებული პასუხები ექნებათ.

„რა თქმა უნდა, ჩვენ 2012 წლიდან დღემდე ვართ ძალიან სენსიტიური იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იქნება ადამიანის უფლებები, პირადი ცხოვრება დაცული, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფო უსაფრთხოების თემებს, მათ შორის კიბერუსაფრთხოების პრევენციას და ასევე იმ მექანიზმს, რომლის შედეგადაც კიბერუსაფრთხოების სფეროში დანაშაულის ჩამდენი დამნაშავე პირები უნდა დაისაჯონ, ეს ბალანსი უნდა იყოს დაცული ერთი მხრივ სახელმწიფო უსაფრთხოებასა და მეორე მხრივ ადამიანის უფლებებში. თუკი ამ კანონპროექტში არის საზოგადოების მხრიდან გარკვეული კითხვის ნიშნები, დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ინიციატორს, ასევე კომიტეტს და შესაბამის უწყებებს აქვთ არგუმენტირებული პასუხი, რომ ეს ბალანსი მართლაც იყოს დაცული“ ,- განაცხადა წულუკიანმა.

ამასთან, მინისტრის თქმით, პარლამენტში იხილება იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული და მთავრობის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი, რომელიც ეხება ციფრული სააგენტოს შექმნას და ამ კანონპროექტის გარშემო ბევრი უსაფუძვლო სპეკულაცია ისმის.

„ციფრული სააგენტო იქმნება ორი სსიპის გაერთიანების ბაზაზე, რათა გაერთიანდეს რესურსი და ორი სხვადასხვა სსიპი არ აკეთებდეს დაახლოებით ერთი და იმავე საქმეს, ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ, კიბერუსაფრთხოებისა და დაცულობის პირობებში შევძლოთ ელექტრონული მომსახურება“ ,- განაცხადა თეა წულუკიანმა.