თეა წულუკიანი - სახალხო დამცველთან აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, დღევანდელი ანგარიში მთლიანობაში ძალიან დაბალანსებულია
თეა წულუკიანი - სახალხო დამცველთან აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, დღევანდელი ანგარიში მთლიანობაში ძალიან დაბალანსებულია

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება აზრთა სხვადასხვაობა გვქონდეს სახალხო დამცველთან, დღევანდელი ანგარიში მთლიანობაში ძალიან დაბალანსებულია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

იუსტიციის მინისტრი გამოეხმაურა სახალხო დამცველის ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს, რომელიც რამდენიმე პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდა.

თეა წულუკიანის თქმით, ანგარიშში ასახულია, რომ პრაქტიკულად ოთხ ყველაზე დიდ დაწესებულებაში, რომელშიც სახალხო დამცველის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ აღმოფხვრილია წამება და არაადამიანური მოპყრობა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება აზრთა სხვადასხვაობა გვქონდეს ხოლმე სახალხო დამცველთან, მაგალითად იმასთან დაკავშირებით, რომ ის უკვე ორ წელიწადზე მეტია თანამდებობაზეა და სულ სამჯერ თუ ოთხჯერ არის ციხეში ნამყოფი და ისიც მხოლოდ ე.წ. ცნობილ პატიმრებს შეხვდა და რიგითი პატიმრები როცა ითხოვდნენ მასთან შეხვედრას, არ მოდის ხოლმე, მაგრამ დღევანდელი ანგარიში არის მთლიანობაში ძალიან დაბალანსებული. ის ასახავს რამდენიმე რეალობას. ერთი არის, რომ პრაქტიკულად ოთხ ყველაზე დიდ დაწესებულებაში, რომელშიც სახალხო დამცველის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, აღმოფხვრილია წამება და არაადამიანური მოპყრობა. არსებობს ერთეული შემთხვევები, როდესაც არაეთიკურად მოეპყრო რომელიმე ინსპექტორ კონტროლიორი თანამშრომელს. ასეთი არის ოთხი-ხუთი შემთხვევა და თითოეული ეს თანამშრომელი მიუხედავად იმისა, რომ ისინი თვლიდნენ, ზედმეტად მკაცრი იყო ჩვენი რეაგირება, გათავისუფლდნენ თანამდებობიდან. ასევე არის რეალობა იმასთან დაკავშირებით, რომ წლებია ჩვენ გვაქვს სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების გამოწვევა. ჩვენ დავძლიეთ ეპიდემიები, რაც „ნაციონალური მოძრაობიდან“ გვხვდა წილად. ციხის ტუბდისპანსერი იყო გადატვირთული, ცე ჰეპატიტი მძვინვარებდა. პრაქტიკულად სამედიცინო მომსახურება არ გაიცემოდა. მაგრამ ჩვენ გვაქვს დღეს გამოწვევა სამედიცინო რიგების. 2 300 პატიმარი ორი, სამი წელია ელოდება ოპერაციას და ჩვენ დავიწყეთ ნოემბრიდან ამ რიგების განულებაზე მუშაობა. მარტში უნდა დასრულდეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

​იუსტიციის მინისტრის თქმით, გრძელდება მუშაობა, რომ ოთხი ახალი დაწესებულება, რომლის მშენებლობაც დაიწყება, მთლიანად ადამიანის უფლებების პრიორიტეტზე იყოს აგებული.

„ასევე რეალობაა ამ ანგარიშში ის, რომ უფრო მეტად მამაკაცთა დაწესებულებებში, იქ, სადაც დახურული სივრცეა, პატიმრები ერთმანეთს ვერბალურად ან ფიზიკურად უპირისპირდებიან ხოლმე. არის როგორც შელაპარაკება, არამედ ჩხუბიც. ყოველ შემთხვევაზე იწყება გამოძიება. ზოგი სრულდება წარმატებით, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ისევ პატიმრები თავს იკავებენ მოგვცენ ჩვენება და ეს სიჩუმის წესი, რა თქმა უნდა, ხელს უშლის გამოძიებას. ჩვენ დავამთავრეთ პროექტებზე მუშაობა. სახალხო დამცველი თავის ანგარიშში ამას აღნიშნავს და რა თქმა უნდა, მათთან ერთად გავაგრძელებ იმაზე მუშაობას, რომ ახალი ოთხი დაწესებულება რომლის მშენებლობაც დაიწყება მთლიანად ადამიანის უფლებების პრიორიტეტზე იყოს აგებული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.