თეა წულუკიანი - ყველა საჯარო დაწესებულება და მომსახურების სერვისის გამწევი კერძო შენობები მომდევნო 15 წლის განმავლობაში შშმ პირთათვის ადაპტირებული უნდა გახდეს
თეა წულუკიანი - ყველა საჯარო დაწესებულება და მომსახურების სერვისის გამწევი კერძო შენობები მომდევნო 15 წლის განმავლობაში შშმ პირთათვის ადაპტირებული უნდა გახდეს

მთავრობის სხდომაზე დღეს დამტკიცებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ახალი კანონპროექტის მიხედვით, საქართველოში არსებული ყველა შენობა, სადაც მომსახურების სერვისები ხორციელდება, მომდევნო 15 წლის განმავლობაში შშმ პირთათვის ადაპტირებული უნდა გახდეს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„რაც შეეხება შენობებს და ინფრასტრუქტურას, 2014 წელს საქართველოს მთავრობამ ვალდებულება შემოიტანა, რომ თითოეული ახალი შენობა ადაპტირებული უნდა იყოს შშმ პირებზე. აქ ჩვენ პრაქტიკულად პრობლემა აღმოვფხვერით უკვე რამდენიმე წლის წინ, მაგრამ პრობლემად რჩება ძველი შენობები და ეს პროექტი, რომელიც დღეს დამტკიცდა ამბობს, რომ 2020 წლიდან 2035 წლამდე ყველა საჯარო დაწესებულება იქნება ეს სკოლები თუ სხვა, თითოეულმა სამინისტრომ უნდა გარდაქმნას, ამას ძალიან დიდი ფინანსური ინვესტიცია დასჭირდება, და ამ 15 წლიან პერიოდში ძველი შენობების ადაპტირება უნდა დასრულდეს. უფრო მეტიც, ეს კანონი შეეხება კერძო სექტორის შენობებსაც, თუ ამ შენობებში გაიცემა მომსახურება. თუ ეს ახალი ნორმა ეხება საჯარო დაწესებულებების სფეროში ყველა დაწესებულებას და შენობას, კერძო სამართლის სუბიექტების შემთხვევაში, ეს შეეხება მხოლოდ იმ ძველ შენობებს, რომლებშიც გაიცემა ამა თუ იმ ტიპის მომსახურება, იმისათვის, რომ ჩვენ ყველამ თანასწორ პირობებში შევძლოთ მომსახურების მიღება.“- აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მინისტრის ინფორმაციით, მთავრობის მიერ მომზადებული ახალი კანონით შემოდის, სპეციალური მოსარჩელის სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული გამოცდილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები, ვისაც შშმ პირთა უფლებების დაცვის სფეროში სასამართლო დავის გამოცდილება აქვთ, შეძლებენ, რომ შშმ პირთა უფლებების დაცვისთვის მათ ნაცვლად იდავონ სასამართლოში და დაიცვან მათი უფლებები.

იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, ახალი კანონპროექტში შემოდის სხვა ახალი პრინციპებიც და მთავრობა ვალდებული იქნება 10-წლიან სტრატეგიაში გაწეროს ის მოდელი, რომელიც შშმ პირებს სხვა მოქალაქეების მსგავსად, საზოგადოებრივი ცხოვრების თანასწორ პირობებში ჩააყენებს

„ამ პროექტში მოცემულია ისეთი პრინციპებიც და სიახლეებიც, როგორიც არის მაგალითად გონივრული მისადაგების პრინციპი, ამ სფეროში უნივერსალური თანასწორობის დაცვის პრინციპი და მთავარი მიზანი გახლავთ ის, რომ შშმ პირი, საზოგადოებრივ ცხოვრებაში თითოეული ჩვენგანის თანასწორ პირობებში იყოს ჩართული და იყოს ყველასთან თანასწორი არა მხოლოდ კანონის, არამედ სერვისებისა და სხვა მომსახურებების წინაშე. ამ მიზნით კანონპროექტი ითვალისწინებს 2020 -2030 წლის პერიოდს, როდესაც მთავრობას ევალება შეიმუშაოს 10 წლიანი სტრატეგია. სამინისტროებს ევალებათ შეიმუშაონ წლიური სამოქმედო გეგმები, და ეტაპობრივად შემოვიდეს შშმ პირის სტატუსის მინიჭების ახლებური მოდელი, კერძოდ, ეს ახალი მოდელი არის ბიოფსიქოსოციალური მოდელი, რაც ჩვენ წინასწარ უკვე ვიცით, რომ გაზრდის ჩვენს ქვეყანაში სტატუსს მინიჭებული პირების ოდენობას. გარკვეული ოდენობა შშმ პირებისა დღეს არის დარჩენილი დაცვის მექანიზმების მიღმა იმიტომ, რომ შეფასების მოდელი არ არის ბიოფსიქოსოციალური. ასევე მუნიციპალიტეტებს ეკისრებათ ახალი ვალდებულება, რომელიც ეტაპობრივად შევა ძალაში, რომ თავიანთ იურისდიქციის ფარგლებში ხელი შეუწყონ შშმ პირთა ცენტრების შექმნას, რომელიც იქნება საკონსულტაციო და მომსახურების ცენტრები. ასევე შემოიღონ სრულიად ახალი ინსტიტუტი, ეს არის პერსონალური ასისტენტის ინსტიტუტი, ამ სერვისის მოცულობას განსაზღვრავს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამინისტრო, კანონით დადგენილ ვადაში“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.