თეა წულუკიანი - საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში, ახალი პატიმარი არ დაიშვება პენიტენციურ დაწესებულებაში
თეა წულუკიანი - საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში, ახალი პატიმარი არ დაიშვება პენიტენციურ დაწესებულებაში

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით საპატიმროებში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მინისტრმა სასჯელაღსრულების სისტემაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ზომებზე ისაუბრა.

„მინდა, ჩვენს პატიმრებს ვუთხრა, რომ ბოლო შაბათ-კვირის განმავლობაში ფართომასშტაბიანი მუშაობა მიმდინარეობს პენიტენციური სისტემის ფარგლებში და ჩვენ სამ მიმღებ დაწესებულებაში; ეს არის ქალთა დაწესებულება, გლდანის მერვე დაწესებულება და ქუთაისის მეორე დაწესებულება, რომლებიც ე.წ მიმღები ციხეებია, ანუ არის ციხეები, რომლებიც იღებენ ახალ შემოსახლებელ პატიმრებს, ახალდაკავებულებს.

მედპერსონალი გავიყვანეთ ციხეების პერიმეტრის გარეთ და ამ ახალი პატიმრების შემოწმება ხდება ციხის შენობის გარეთ. დროებით, მედპუნქტები განთავსებული არის შესაბამისად, ციხეების შენობების გარეთ და ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის შემთხვევაში, ახალი პატიმარი არ შედის და არ დაიშვება პენიტენციურ დაწესებულებაში, რათა იქ მყოფი მსჯავრდებული და ბრალდებულების შესაძლო ინფიცირება ავიცილოთ თავიდან. დღემდე ამგვარი საეჭვო სიმპტომის ახალდაკავებული პირი იყო ცხრა. აქედან ყველა იქნა გარიდებული ციხის ტერიტორიას და მოთავსებულია სამოქალაქო კლინიკებში.

ყველაზე საეჭვოს შემთხვევას უკვე ჩაუტარდა კორონავირუსზე ტესტი და ეს ტესტი აღმოჩნდა უარყოფითი. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, ქართულ საპატიმროებში, არც ერთი საეჭვო შემთხვევა არც პატიმრებში და არც ჩვენს თანამშრომლებსა და პერსონალში დაფიქსირებული არ არის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, სასაჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში სადეზინფექციო სამუშაოები სისტემატურად ხდება.

„გუშინ ქალთა დაწესებულებაში, მათ შორის საცხოვრებელ სივრცეებში, ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. თითოეულ დაწესებულებაში, გავაგრძელებთ ამ პროცესს სისტემატურად. ასევე, მინდა პატიმრებმა იცოდნენ, რომ ჩვენი მხრიდან ძალიან მკაცრად კონტროლდებიან თანამშრომლები, რადგან თანამშრომლები და პირველ რიგში მედპერსონალი არიან ის ადამიანები, ვინც შეიძლება, ეს ვირუსი შეიტანონ საპატიმროებში. შესაბამისად, ჩვენ პარასკევს და შაბათს მივიღეთ უმკაცრესი ზომები სამედიცინო პერსონალთან დაკავშირებით, რომ თავიდან ავიცილოთ ექთნის, სანიტრის და ან ექიმის მიერ ამ ვირუსის შეტანა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

დატოვე კომენტარი