თეა წულუკიანი - სააკაშვილო, ლედი აფრასიძე არის შენი განაჩენიც და სასჯელიც, ეს ბავშვები გადარჩნენ და აგრძელებენ ქვეყნისთვის სიცოცხლეს
სააკაშვილო, ლედი აფრასიძე არის შენი განაჩენიც და სასჯელიც, ეს ბავშვები გადარჩნენ და აგრძელებენ ქვეყნისთვის სიცოცხლეს, – ასე მიმართა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს.
როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, ეს ბავშვები ააშენებენ უკეთეს საქართველოს, რომლის ნგრევასაც სააკაშვილი თავის მინისტრებთან ერთად ცდილობდა.
„სააკაშვილო, ლედი აფრასიძე არის შენი განაჩენიც და სასჯელიც, რადგან ეს ბავშვები გადარჩნენ და ცოცხალია გიორგი აფრასიძეც. მათ ჰყავთ კიდევ ორი დედმამიშვილი და ეს ბავშვები აგრძელებენ ქვეყნისთვის სიცოცხლეს, გიორგი ბარამიძის ნებისდა მიუხედავად. ისინი ააშენებენ უკეთეს საქართველოს, რომლის ნგრევასაც სააკაშვილი თავის მინისტრებთან ერთად ცდილობდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე კომისიის წევრებმა მოისმინეს ევგენი აფრასიძისა და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის უფლების შელახვის ფაქტები.
2004 წლის 24 მარტს, 07:00 საათზე სვანეთის სოფელ ეცერში შსს-სა და უშიშროების ასეულობით თანამშრომლის მონაწილეობით ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩატარდა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპერაცია განსაკუთრებით საშიში დამნაშავეების დაკავებას უკავშირდებოდა. სპეცოპერაციის დროს ევგენი აფრასიძე და მისი ვაჟი ომეხ აფრასიძე მოკლეს, გოჩა და შმაგი აფრასიძეები კი დააკავეს, მათ 19 და 17 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ძმებმა საპყრობილე 2013 წელს, ამნისტიის საფუძველზე დატოვეს.