თეა წულუკიანი - „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც შეჩერების, ასევე შეჩერების მოხსნის, არ ექვემდებარება გასაჩივრებას და დღეიდან ძალაშია
თეა წულუკიანი - „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც შეჩერების, ასევე შეჩერების მოხსნის, არ ექვემდებარება გასაჩივრებას და დღეიდან ძალაშია

„რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ერთადერთი ნაწილი, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება, შეჩერების ღონისძიების მოხსნაა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, გადაწყვეტილებაში პირდაპირ წერია, რომ სასამართლო, ვინაიდან „რუსთავი 2“-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა დაუშვებლად იქნა ცნობილი, აღარ თვლის საჭიროდ, რომ შეჩერების ღონისძიება იყოს ძალაში და ის არის მოხსნილი.

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც შეჩერების, ასევე შეჩერების მოხსნის, არ ექვემდებარება გასაჩივრებას და დღეიდან ძალაშია. შესაბამისად, ჩვენ მხარეები თუკი რაიმეს გავასაჩივრებთ იმ გადაწყვეტილებიდან, რაც გამოქვეყნდა, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც არსებითი გადაწყვეტილებაა. სხვა აქ სადავო პრინციპში არაფერი ჩანს. შესაბამისად, გასაჩივრების პროცედურები არის შემდეგი – მხარე ასაჩივრებს, ამისთვის მას აქვს სამი თვის ვადა, თუმცა დიდი პალატის მიერ გასაჩივრებული საქმის განხილვა ავტომატური არ არის. შუაში არსებობს ე.წ ფილტრაციის კოლეგია, რომელიც ან დაუშვებს საქმეს განსახილველად დიდ პალატაში ან არ დაუშვებს. თქვენ გახსოვთ, რომ ასე ჩვენ გავასაჩივრეთ პალატის გადაწყვეტილება საქმეზე – ვანო მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ და ეს საქმე მოხვდა იმ სამ თუ ოთხ პროცენტ საქმეებში, რომელიც ფილტრაციის კოლეგიამ დიდი პალატის განსახილველად დაუშვა. პროცედურა აქაც იქნება იგივე. სახელმწიფოს გადასაწყვეტი არ არის, როდის შეიძლება შეჩერების შესახებ მოხსნის გადაწყვეტილება აღსრულდეს, ეს მთლიანად არის დამოკიდებული ტელეკომპანიის მესაკუთრეზე, რომელიც არის უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილებით ქიბარ ხალვაში და მისი კომპანია. ამასთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ ერთხმად თქვა, რომ საკუთრების უფლება არ დარღვეულა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა. აქედან გამომდინარე ახალი მესაკუთრე, ვინაიდან შეჩერება მოხსნილია, თავად გვეტყვის როგორია მისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

დატოვე კომენტარი