თეა წულუკიანი რომან გოცირიძეს - მახსოვს ბავშვობის უბედური დრო, როცა მაღალ თანამდებობაზე იყავით, დადგა დრო, როცა ბავშვმა თეა წულუკიანმა გიპასუხათ

მახსოვს ბავშვობის უბედური დრო, როცა მაღალ თანამდებობაზე იყავით, დადგა დრო, როცა ბავშვმა თეა წულუკიანმა გიპასუხათ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს რომან გოცირიძეს მის შეკითხვაზე პასუხისას განუცხადა.

რომან გოცირიძე დაინტერესდა, გრძნობს თუ არა თეა წულუკიანი პასუხისმგებლობას, ყველა იმ პროკურორზე, რომელიც სკანდალით წავიდა თანამდებობიდან.

„რატომ გამიხარდა თქვენ, რომ კითხვა დამისვით აგიხსნით. თქვენ რომ მაღალი თანამდებობის პირი იყავით ერთ-ერთ სფეროში, მე მაშინ ვიყავი ბავშვი, ახლა რომ თინეიჯერს ეძახიან. ისე კარგად მახსოვს ის უბედური დრო, თქვენ რომ თანამდებობაზე იყავით და ჩვენ გვქონდა უპერსპექტივო ბავშვობა და ახალგაზრდობა, მათ შორის, თქვენ მიერ გატარებული სხვადასხვა პოლიტიკების წყალობით.

გიყურებდით ხოლმე ტელევიზორში და საკუთარ თავს და ჩემს თაობას ვტიროდი, მათ შორის, ბატონ ამჟამინდელ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს, რომელიც ჩემი თაობის წარმომადგენელია და დიდ იმედებს მაშინ თქვენ ჩვენ არ აღგვიძრავდით სამწუხაროდ. მჯერა, რომ დღეს, როდესაც მე, რომ იმ დროს ვიყავი, იმ წლის ბავშვები გვიყურებენ ტელევიზორში ცოტა უფრო იმედიანი თვალები აქვთ. ცოტა უფრო მეტ იმედს უჩენს ჩემი გამოჩენა ტელევიზორში პატარა გოგონებს, რომლებისთვისაც მე ბევრი რამ გავაკეთე, რომ უკეთესი მომავალი ჰქონდეთ. ეს ისე, გადახვევისთვის, ბატონო რომან და ჩემს ცხოვრებაში დადგა დრო, როდესაც ბავშვმა თეა წულუკიანმა პასუხი გაგცათ იმაზე, რომ თქვენი პოლიტიკები მე უიმედობაში მაცხოვრებდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ ეს „ინდური სერიალის სცენარია და ალბათ, ძალიან ბევრი ახლა ცრემლებს დაღვრის“.

„გეწყინათ ხომ, ბატონო, რომან. არაუშავს, ბევრი წლის მერე გაგეცით პასუხი. ახლა, მომისმინეთ ზრდასრული თეა წულუკიანი რას გეტყვით. პროკურორებზე საუბრობდით, ეს არ იქნება მეხუთე, ხუთი კი გელანდებათ ყველგან, მაგრამ მეექვსე პროკურორი იქნება, იმიტომ, რომ პირველი მე გახლდით, როდესაც დავინიშნე თქვენი და ადეიშვილის კანონით მინისტრი პოლიტიკური პირი იყო ასევე გენპროკურორი და მე ეს უფლებამოსილებები რამდენიმე თვე შევასრულე. ასე რომ, მე გახდით პირველი და თუ კარგად დაითვლით ის, ვინც უნდა შეირჩეს და აირჩეს იქნება მეექვსე. კანონი წაიკითხეთ. პირველი ადამიანი ხართ ვისაც ასე ველაპარაკები, იმიტომ, რომ ჩემზე ოდნავ უფროს ადამიანს ვერ უბედავ ხოლმე ამდენს. მაგრამ ბოდიშს არ მოვიხდი. ვგრძნობ თუ არა პასუხისმგებლობას? მიმაჩნია, რომ კარგად მოვიქეცი, ქვეყანას მივეცი დეპოლიტიზებული პროკურატურისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი, როცა უარი ვთქვი საპროკურორო უფლებამოსილებებზე.  შემდეგ იყვნენ სხვადასხვა მთავარი პროკურორები და თქვენ თუ მაშინდელ კანონში ჩახედავდით, ნახავდით, რომ მას ნიშნავდა არა იუსტიციის მინისტრი, არამედ საქართველოს პრემიერ-მინისტრი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.