თეა წულუკიანი - მე, როგორც მხარე, რომელსაც ორი თანამშრომელი ყველანაირი გამოძიების გარეშე დამნაშავედ გამოუცხადეს, ვამბობ, რომ არასამთავრობოების ნათქვამი ტყუილია
თეა წულუკიანი - მე, როგორც მხარე, რომელსაც ორი თანამშრომელი ყველანაირი გამოძიების გარეშე დამნაშავედ გამოუცხადეს, ვამბობ, რომ არასამთავრობოების ნათქვამი ტყუილია

მე და მთელი იუსტიციის სამინისტრო ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ საქმის მარტივად ჩაფარცხვა არ მოხდეს იმ ადამიანთა მხრიდან, ვისაც შეეშალა, ტყუილი თქვა და დღეს წყაროსაც ვერ ამბობს, ვინ იყო, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“ განაცხადა.

„მე, როგორც მხარე, რომელსაც ღია ეთერში ორი თანამშრომელი ყველანაირი გამოძიების და სასამართლოს გარეშე სისხლის სამართლის დამნაშავედ გამოუცხადეს, ვამბობ, რომ არასამთავრობოების ნათქვამი არის ტყუილი. ვარ თუ არა მართალი, ეს თქვენ, საზოგადოებას, გამომძიებელმა უნდა გითხრათ“, – განაცხადა წულუკიანმა.

ამ განცხადებით თეა წულუკიანმა გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად სწორია სამართლებრივად, როცა არასამთავრობო ორგანიზაციები კონკრეტულ ინფორმაციას აჟღერებენ, შემდეგ კი, ამ ინფორმაციის წყაროს გასაჯაროება არ ხდება და რა ეტაპზეა ამ საქმის გამოძიება.

როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, სამი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვის შესახებ განაცხადა, ძალიან მძიმე დღეში აღმოჩნდა, რადგან მათ საშუალება არ მიეცემათ, თავიანთი ნათქვამი შეამსუბუქონ.

„ვითხოვთ და ბოლომდე მოვითხოვთ, რომ მათ გამოძიებასთან ითანამშრომლონ. როგორც საჯარო განცხადებიდან ჩანს, პროკურატურამ მათ მოცემული წყაროს დაცვის პროგრამაში ჩასმა შესთავაზა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პროკურორის და ერთი გამომძიბლის გარდა, ამ ადამიანის ვინაობა არავის ეცოდინება და ის ბოლომდე იქნება დაცული. მათ ესეც არ ისურვეს და ბოლოს, საქმე იქამდე მივიდა, რომ გამოკითხვიდან გამოვიდნენ და თქვეს, რომ მათი წყარო რომელიღაც თათბირს უშუალოდ არ ესწრებოდა და ა.შ“, – განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანმა ასევე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, ეს ძალიან არასერიოზულია და ის მოითხოვს, კანონიერი ვალდებულება შეასრულონ ადამიანებმა, რომლებსაც კანონი არ ათავისუფლებს, წყარო გაამხილონ.
„მით უმეტეს, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც გვიყიჟინებენ, რომ სასამართლო რეფორმა არ კმარა და უნდა გაღრმავდეს, რომ კანონი უნდა დავიცვათ და ა.შ“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, თუ ამ ამბავს პოლიტიკურად შევხედავთ, ეს იმ დიდი გეგმის პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი და ხმაურიანი ნაწილია, რაც არის არჩევნების შედეგებზე დარტყმა და დელეგიტიმაციის მცდელობა, რომელიც სააკაშვილმა და მისმა გუნდის წევრებმა დააანონსეს.

„ესენი ვიღაცამ გამოიყენა არჩევნების დელეგიტიმაციის გეგმისთვის, რომელიც შკლიაროვიდან დაწყებული, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ლიდერმა დააანონსა. მე მგონი, ეს არის მომხდარი. მგონია, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ სქემის ნაწილია, რომლის მიხედვითაც, თუ არჩევნები წააგეს, უნდათ, არჩევნების შედეგების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენონ და ქვეყანაში არეულობა გამოიწვიონ. მგონია, რომ ეს ხალხი ვიღაცამ ამაში გამოიყენა, ტყუილი ინფორმაცია მიაწოდა და მათ ეს ინფორმაცია აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ, გადამოწმების გარეშე გაავრცელეს“, – განაცხადა წულუკიანმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, სად არის მათი პასუხისმგებლობა, თუ ისინი მსხვერპლად გამოვაცხადეთ, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ გამოძიება მისი საქმე არ არის, გამომძიებელი დამოუკიდებელია და თუ პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების საჭიროება დადგა, ამას შესაბამისი ორგანოები გააკეთებენ.