თეა წულუკიანი - როდესაც არ ტოვებ საკუთარ პატარა ბავშვს უცხო ქვეყნის ციხეში, ეს არის მაგალითი სხვა დიდი ქვეყნებისთვის, ორი-სამი წლის ბავშვების ადგილი ციხეში არ არის
თეა წულუკიანი - როდესაც არ ტოვებ საკუთარ პატარა ბავშვს უცხო ქვეყნის ციხეში, ეს არის მაგალითი სხვა დიდი ქვეყნებისთვის, ორი-სამი წლის ბავშვების ადგილი ციხეში არ არის

როდესაც არ ტოვებ საკუთარ პატარა ბავშვს უცხო ქვეყნის ციხეში, დასავლეთ ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, არის მაგალითი სხვა დიდი ქვეყნებისთვის, რადგან ყველა ვთანხმდებით, რომ ორი და სამი წლის ბავშვების ადგილი არ არის ციხეში, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აეროპორტში განაცხადა, სადაც ერაყის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქის შვილებს დახვდა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ბაღდადის ციხეში მაისის თვეში იმყოფებოდა, სადაც მოინახულა 25 წლის ახალგაზრდა ქალი, რომელსაც უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი და საპყრობილეში მასთან ერთად ორი, ოთხი და ექვსი წლის შვილებიც იყვნენ.

„ბავშვებს ჩვენ დღეს ვიბრუნებთ საქართველოში. ისინი ბებია ბაბუასთან ლაგოდეხში გაიზრდებიან, ივლიან სკოლაში განათლებას მიიღებენ, ვიდრე ჩვენ გადავალთ სამუშაო იმ ეტაპზე, რომ თავად დედა გამოვიხსნათ და ჩვენი ერაყელი კოლეგების დახმარებით გადავსინჯოთ უვადო სასჯელის შესახებ განაჩენი. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ჩვენს ერაყელ კოლეგას, რომლის გარეშეც ამ ძალისხმევას წარმატებამდე ვერ მივიყვანდით, ასევე ჩვენს მთავრობას და პრემიერს, რომელიც მხარს გვიჭერდა. გვინდა ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ არა „იუნისეფი“ და „წითელი ჯვარი“ დღეს ჩვენ აქ არ ვიქნებოდით. როდესაც არ ტოვებ საკუთარ პატარა ბავშვს უცხო ქვეყნის ციხეში,  დასავლეთ ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, არის მაგალითი სხვა დიდი ქვეყნებისთვის, რადგან ყველა ვთანხმდებით, რომ ორი და სამი წლის ბავშვების ადგილი არ არის ციხეში”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ერაყის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქის შვილები თბილისში დღეს ჩამოიყვანეს.ერაყიდან ჩამოსულ ბავშვებს აეროპორტში იუსტიციის მინისტრი შვილთან ერთად დახვდა.