თეა წულუკიანი - რიგითმა მოსამართლეებმა შემომითვალეს, ვიქნებოდი თუ არა მათი პატრონი, რასაც ამდენი ხნის შემდეგ, პირველად, თქვენი ეთერით ვამბობ
თეა წულუკიანი - რიგითმა მოსამართლეებმა შემომითვალეს, ვიქნებოდი თუ არა მათი პატრონი, რასაც ამდენი ხნის შემდეგ, პირველად, თქვენი ეთერით ვამბობ

კონკრეტულმა პირებმა, რიგითმა მოსამართლეებმა შემომითვალეს, ვიქნებოდი თუ არა მათი პატრონი, რასაც ამდენი ხნის შემდეგ, პირველად, თქვენი ეთერით ვამბობ, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას.

„ჩემი დანიშვნისას, მოსამართლეთა კორპუსის მხრიდან იყო მოლოდინი, ვიქნებოდი თუ არა მათი, ასე ვთქვათ, ქოლგა. მე მათ ძალიან ცალსახად გავაგებინე, რომ ის ეპოქა დასრულებული იყო. ვუთხარი, თქვენ ერთადერთი პატრონი გყავთ, მართლმსაჯულების ხელისუფლების შტოს ხელმძღვანელი და ასეთი პატრონი რომელიმე მინისტრი, ან მთავრობა ვერ იქნება-მეთქი. მათ ეს გაიგეს და მიხვდნენ, რომ მათ ცხოვრებაში აბსოლუტურად სხვა ერა იწყებოდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, ეს რომ ასე იყო, შედეგი სახეზეა, რადგან ვერავინ იტყვის, რომ ექვსი წლის განმავლობაში, რაც ის მინისტრის პოზიციაზეა, რომელიმე მოსამართლეს დაურეკა, რამე სთხოვა, ან ვიღაცას საქმე ჩაუწყო.

გადაცემის წამყვანის ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, შეიძლება ითქვას თუ არა, რომ მისმა ხისტმა განცხადებებმა მოსამართლეთა კორპუსში ერთგვარი ანტაგონიზმი გამოიწვია, ისინი შეიკრნენ, კლანებად ჩამოყალიბდნენ და რეფორმას დაუპირისპირდნენ, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მისი წინადადება ზოგმა გაიგო, ზოგმა კი, ვერა და 2013-2014 წლებში არსებობდნენ ჯგუფები, რომლებმაც სხვა პატრონი იპოვეს.

„ნათქვამი რომ არის, ათავისუფლე მონებიო, ჩვენ ვათავისუფლეთ მოსამართლეები, რომლებიც მანამდე გაუსაძლის მდგომარეობაში იყვნენ. მაშინ, ზოგმა ეს კარგად მიიღო და თავისუფალი გადაწყვეტილებების მიღება დაიწყო, ზოგმა, ერთეულებმა კი, ისეთი გადაწყვეტილებების მიღება დაიწყეს, რომ პოლიტიკური ხელისუფლება გაეღიზიანებინათ. ეს ჩემი ეჭვია, რომელსაც რაღაც საფუძველი აქვს. მაგალითად, თუ პროკურატურა მწვალებელს დაიჭედა, ისინი გაუშვებდნენ და იყო ერთი აჟიოტაჟი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.