თეა წულუკიანი - რაიმე გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანია დარგის სპეციალისტების მაქსიმალური ჩართულობა, საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია, რათა ყველა გადაწყვეტილება სათანადოდ იყოს გაგებული
თეა წულუკიანი - რაიმე გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანია დარგის სპეციალისტების მაქსიმალური ჩართულობა, საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია, რათა ყველა გადაწყვეტილება სათანადოდ იყოს გაგებული

საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, გადაწყვეტილებების მიღებისას, იქნება ეს ინსტიტუციური ცვლილება, თუ მასშტაბური საკანონმდებლო რეფორმა, მნიშვნელოვანია დარგის სპეციალისტების ჩართულობა და, რაც მთავარია, საზოგადოებასთან კომუნიკაცია.

„განკარგულებები სხვადასხვა დროს, როგორც მე მახსენდება, 2012 წლიდან დღემდე ქვეყნდებოდა. ხანდახან ვერ იყო ხელმისაწვდომი. როგორც პრემიერ-მინისტრი აცხადებს, მთავრობა და ადმინისტრაცია მიიღებს ყველა ზომას, რათა განუხრელად იყოს დაცული გამოქვეყნების პროცედურა, ასევე სხვადასხვა ტიპის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა.

როდესაც რაიმე ტიპის გადაწყვეტილება მიიღება, მნიშვნელოვანია დარგის სპეციალისტების მაქსიმალური ჩართულობა, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება, მაგალითისთვის, მასშტაბურ და მნიშვნელოვან საკანონმდებლო რეფორმას ან სხვა ინსტიტუციურ ცვლილებას, რომელიც მოითხოვს დარგის სხვადასხვა სპეციალისტის, ექსპერტის ან წარმომადგენლის აზრის მოსმენას, ვიდრე რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაციაა საჭირო, რათა ყველა გადაწყვეტილება იყოს მაქსიმალურად ახსნილი და, შეძლებისდაგვარად, ყველას მიერ სათანადოდ და ზედმიწევნით გაგებული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, წულუკიანს კითხვა დაუსვეს მთავრობის განკარგულებების საჯაროობასთან დაკავშირებით, რაზეც წულუკიანმა განაცხადა: „ამაზე არ მაქვს ზუსტი პასუხი, მაგრამ რაც დღეს ითქვა და როგორც არის ხოლმე წესი, როდესაც ადამიანი და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი აცხადებს, რომ ასეთი გადაწყვეტილებაა მიღებული, იქ ავტომატურად იგულისხმება, რომ ყველა შემთხვევაში ეს შეეხება უკვე დღეიდან გამოცემულ განკარგულებებს. როგორ იქნება წინა განკარგულებების შემთხვევაში, ამის შესახებ ალბათ გაიმართება მსჯელობა, მაგრამ დღეს ამაზე საუბარი არ ყოფილა“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ხელმძღვანელის რანგში დღეს პირველი სხდომა გამართა. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ყველა თემაზე გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული საზოგადოებასთან, სპეციალისტებთან, დარგის წარმომადგენლებთან ფართო კონსულტაციების საფუძველზე.