თეა წულუკიანი - ქუჩაში დგანან „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ნაფოტები
თეა წულუკიანი - ქუჩაში დგანან „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ნაფოტები

ქუჩაში დგანან „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ნაფოტები, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს არ არის ნეიტრალური ხალხი, ანუ საზოგადოება. ამიტომ, ეს არ არის პოლიტიკური კრიზისი. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ნაფოტები, მე ასე ვეძახი. ისინი დგანან ქუჩაში მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ბრიფინგი ჩაატარა და უბრალოდ, ქუჩიდან არ გადიან. ნუ გავლენ. ივანიშვილმა თქვა, დავიწყებდი კონსულტაციებს ყველა იმ ძალასთან, რომელიც კანონის ფარგლებში დარჩებოდაო. ეს ძალები კი, ვინც ვახსენე, მეორე დღესვე გავიდნენ კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებიდან და დღეს იმას აპროტესტებენ, რომ კანონის დარღვევისთვის უწევთ კანონის წინაშე პასუხი აგონ. აი, ეს არის და ძალიან კარგი, რომ ამ ძალებთან აღარ იქნება არანაირი კონსულტაცია და როგორც დღეს კალაძემ ბრძანა, ეს თემა არის დახურული. ამიტომ, 2020 წლის არჩევნებზე, თუ თქვენც მოგინდებათ, ხმა ვინმეს მისცეთ, მოგიწევთ, მიბრძანდეთ და შერეული სისტემით მისცეთ ხმა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ აპირებს, დაასრულოს „ნაციონალური მოძრაობა“ მაშინ, როცა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 800 000-მდე ხმა აიღო, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ის არაფრის დასრულებას არ აპირებს და „ნაციონალური მოძრაობა“ პირველ ოქტომბერს ნაძალადევის რაიონში დაასრულა.

„ისე დავასრულე, რომ იმის მერე ფეხზე ვერ დგებიან. ასევე ვაპირებ, გავაგრძელო ბრძოლა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს თანაგუნდელთა განცხადებებს, რომ პროპორციული სისტემის საკითხის ჩავარდნით ქვეყანა „ნაციონალური მოძრაობის“ რევანშს გადარჩა, რადგან შესაძლოა, პროპორციული არჩევნები, როგორც ჩირაღდანი, მათ ქვეყნის გადასაწვავად გამოეყენებინათ და რა უფლებით უნდა ჩამოართვან „ნაციონალური მოძრაობის“ 800 000-მდე ამომრჩეველს თუნდაც, მართლაც სახელმწიფოს გადასაწვავად გამზადებული ჩირაღდანი, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მათთვის ჩირაღდნის ჩამორთმევას არავინ აპირებს.

„800 000 ამომრჩეველს ხმის უფლებას არავინ ართმევს. ისინი მივლენ ურნასთან და ხმას მათთვის პატივსაცემ და სანდო ძალას მისცემენ. ჩვენი ამომრჩეველი მოვა და ხმას იმას მისცემს, ვინც უნდა. მათ შორის – პატივცემულ ენზელ მკოიანს და დაჩი ბერაიას, რომლებსაც თქვენ აკნინებთ და საჯაროდ ამცირებთ. ამით შეურაცხყოფას აყენებთ მათ ამომრჩეველს, 800 000 ამომრჩეველზე ზრუნავთ და ეს არ არის ფარისევლობა?! ესე იგი, თქვენ ეფერებით ნაცების ამომრჩეველს, შეურაცხყოფას აყენებთ დაჩი ბერაიას ამომრჩეველს და ეს არ არის ფარისევლობა?!“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გადაცემის წამყვანმა იუსტიციის მინისტრს მოუწოდა, საქართველოს 800 000-მდე მოქალაქის არჩევანს პატივი სცეს, რაზეც წულუკიანმა აღნიშნა, რომ ის ამ ადამიანებს პატივს სცემს და მათი წარმომადგენლები ამიტომ არიან პარლამენტში.

„იმიტომ ჩატარდა მეორე ტური, რომ სალომე ზურაბიშვილს მოუწია მეორე ტური. ამაზე მეტი პატივისცემა რა გინდათ?!“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.