თეა წულუკიანი - ქართველ დეპუტატებს, არასამთავრობოებს შეუძლიათ, საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატს სთხოვონ კითხვის დასმა, ეს მიღებული პრაქტიკაა
თეა წულუკიანი - ქართველ დეპუტატებს, არასამთავრობოებს შეუძლიათ, საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატს სთხოვონ კითხვის დასმა, ეს მიღებული პრაქტიკაა

ქართველ დეპუტატებს ან არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ, საპარლამენტო ასამბლეის რომელიმე დეპუტატს სთხოვონ კითხვის დასმა. ეს არის მიღებული პრაქტიკა, – ასე უპასუხა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კითხვას, რომელიც მამუკა ბახტაძისთვის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დასმულ კითხვას შეეხებოდა.

კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის წევრმა, ბუნდესტაგის დეპუტატმა, ფრენკ შვაბმა ჰკითხა: „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშებში საუბარია მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ზეწოლის შესახებ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც კორუფციის საქმეებს იძიებენ, მაგალითად მათ „ფაშიზმის მხარდამჭერებს“ უწოდებენ. რას იტყვით ამ ბრალდებების საპასუხოდ“.

„ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში წევრი ქვეყნებიდან ჩამოსული საპარლამენტო დელეგაციები ან პოლიტიკოსები მონაწილეობენ. ეს პოლიტიკოსები იყოფიან სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებად და, რა თქმა უნდა, პრაქტიკა არის ასეთი, რომ ქართველ დეპუტატებს ან ქართველ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ, მათ სთხოვონ ამა თუ იმ კითხვის დასმა. ეს არის მიღებული პრაქტიკა. ამაში არც უხერხულია რაიმე, არც მიუღებელი. აქ მთავარი არის, რომ მამუკა ბახტაძის გამოსვლა იყო შთამბეჭდავი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

რაც შეეხება მამუკა ბახტაძე პასუხს, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფრენკ შვაბის კითხვის პასუხად აღნიშნა, მიმდინარე რეფორმებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ გვყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და, რა თქმა უნდა, ჩვენი მოტივაციაა მათთან ძალიან მჭიდრო მუშაობა. მე ყოველთვის ვამბობ, რომ როდესაც საქმე ეხება რეფორმებს, საქართველოში ამ პროცესში ყველა ჩართულია. ჩვენ გავატარეთ ძალიან რთული და ფუნდამენტური რეფორმები. ამ რეფორმებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ეს გვესმის“, – განაცხადა პრემიერმა.