თეა წულუკიანი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რომ არა, სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ დავა საქართველოს პირწმინდად ექნებოდა წაგებული
თეა წულუკიანი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რომ არა, სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ დავა საქართველოს პირწმინდად ექნებოდა წაგებული

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, აგვისტომის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილება უპრეცედენტო და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია.

თეა წულუკიანმა სტრასბურგის სასამართლოში მუშაობის პერიოდი და ის დღე გაიხსენა, როცა იუსტიციის სამინისტროდან 2008 წლის ომის საქმეზე ევროპულ სასამართლოში საჩივარი შევიდა.

„ჩემი მხრიდან მნიშვნელოვნად მიმაჩნია რამდენიმე რამის თქმა, ვინაიდან ეს მართლაც უპრეცედენტო, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებული სხდომაა და როგორც ბატონმა მინისტრმაც ბრძანა, გამომდინარეობს იქიდან, რომ სწორედ 21 იანვრის გადაწყვეტილება საკუთრივ უპრეცედენტო და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია.

უპირველესად, მინდა გავიხსენო 2008 წლის აგვისტოს ის დღე, როდესაც მე ვმუშაობდი სტრასბურგის სასამართლოში. საჩივარი, რომელზე გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებაც დღეს ჩვენ ვისმენთ ანგარიშს, შემოვიდა გვიან საღამოს იუსტიციის სამინისტროდან. რა თქმა უნდა, ეს უმძიმესი დღე იყო ჩვენი ქვეყნისთვის, უმძიმესი დღე იყო თითოეული იმ ქართველისთვის, რომელიც იმ დროს უცხოეთში საქმიანობდა და ცხოვრობდა.

საჩივარი რომ შემოვიდა, სამუშაო დღე უკვე დასრულებული იყო. რეალურად, სულ რამდენიმე, ასე ვიტყოდი, ჩინოვნიკი თუ ვიყავით შემორჩენილი ოფისში. ასე ვთქვათ, სწორედ იმ წუთებში გაუმართლა საჩივარს, ვინაიდან რამდენიმე საათით გვიან რომ შემოსულიყო, კიდევ რამდენიმე დღე ვერ დარეგისტრირდებოდა, რადგან შემდეგ დასვენების დღეებიც უწევდა. როგორც კარგად დაიწყო ამ საჩივარმა მაშინ მოძრაობა, მე ვიტყოდი, რომ ასევე კარგად დაასრულა. თუმცა, ჩემი მხრიდან ასევე არ იქნება მართალი, თუ არ ვიტყვი, რომ საჩივრის კვალიფიციურად წარმოებისათვის წინა ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია, ან თითქმის არაფერი გაუკეთებიათ. დაე, მათ ეწყინოთ და გვისაყვედურონ, მაგრამ ეს უნდა ითქვას, რადგან ამ დარბაზში სხედან ახალგაზრდები და გარეთაც არიან ის ახალგაზრდები, რომლებმაც ამ დარბაზში რამდენიმე წელიწადში უნდა ჩაგვანაცვლონ. თქვენც უნდა ჩაგანაცვლონ, ბატონო მინისტრო, და მთავრობაც.

ეს არის ის ახალგაზრდა თაობა, რომლისთვისაც ჩვენ ვშრომობდით. ჩვენ არ ვშრომობდით რაღაც სხვისთვის. ჩვენ ვშრომობდით, რომ მათთვის დაგვეტოვებინა სამართლებრივი დოკუმენტი და მყარი საფუძველი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, რომელიც მანამდე უბრალოდ არ გაგვაჩნდა. მინდა, ყველამ კარგად გავიაზროთ, თუ რა მოხდა 21 იანვარს. ჩვენ პირველად შევიძინეთ სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც საფუძველს უმყარებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამგვარი მყარი სამართლებრივი საფუძველი ჩვენ მანამდე არ გვქონდა.

თუ რა გააკეთა ჩვენმა ხელისუფლებამ, ამაზე ბატონმა გოჩამ ძალიან დეტალურად ისაუბრა, მე არ შევჩერდები, ამაზე დროს არ დაგაკარგინებთ, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ეს დავა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ექნებოდა პირწმინდად წაგებული, რადგან მტკიცებულებების 90 და მეტი პროცენტი საქმეზე სწორედ 2013 წლიდან 2018 წლის ჩათვლით მოგროვდა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძემ პარლამენტში, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, 21 იანვარს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დეპუტატებს ანგარიშს აცნობს.