თეა წულუკიანი პროკურატურის წარმომადგენელს სთხოვს, პრემიერის ხელმოწერის შესაძლო გაყალბებაზე გამოძიების შესახებ უწყებათაშორის კომისიას ინფორმაცია მიაწოდოს
თეა წულუკიანი პროკურატურის წარმომადგენელს სთხოვს, პრემიერის ხელმოწერის შესაძლო გაყალბებაზე გამოძიების შესახებ უწყებათაშორის კომისიას ინფორმაცია მიაწოდოს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პროკურატურის წარმომადგენელს მიმართავს, უწყებათაშორის კომისიას ნიკა მაჭუტაძის პარტიის მიერ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმოწერის შესაძლო გაყალბების ფაქტზე დაწყებული გამოძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.

ამის შესახებ წულუკიანმა უწყებათაშორის კომისიაზე ისაუბრა.

„საქმე ეხება ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიის შესაძლო გაყალბების ფაქტს, რომელზეც რამდენადაც მედიიდანაა ცნობილი, გამოძიება დაიწყო. ამიტომ მინდა, პროკურატურის წარმომადგენელს ვთხოვო, მოგვიანებით ამ თემაზე დეტალური ინფორმაცია დღესვე გაგვიზიაროს. ალბათ, ამ საკითხზე მთავარი მოპასუხეები და მომხსენებლები სწორედ ის პარტიები უნდა ყოფილიყვნენ, რომელთა კანდიდატების სიებთან დაკავშირებითაც გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ მათ მხარდამჭერთა სიები სავარაუდოდ გააყალბეს, მაგრამ ისინი დღეს არ გამოცხადდნენ სხდომაზე. არ მინდა, ვიფიქრო, ეს იმიტომ გააკეთეს, რომ პასუხი არ აქვთ“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მისი თქმით, შესაბამისი პარტიის წარმომადგენლებმა თავს უფლება მისცეს კომისიის სხდომას არ დასწრებოდნენ.

„ალბათ, ჩვენ დაგვჭირდება არაერთი დამკვირვებლისა და არასამთავრობო ორგანიზაციის რჩევაც, როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო მაშინ, როდესაც ვთქვათ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მხარდამჭერთა სიებში აღმოჩნდება მოქმედი პრემიერ-მინისტრის გაყალბებული ხელმოწერა. ალბათ, ამის ახსნა-განმარტება შესაბამისი პარტიისგან უნდა მოგვესმინა დღეს, რომელმაც საკუთარ თავს მისცა უფლება და ფუფუნება, რომ არ მობრძანებულიყო. ეს ალბათ ნიშნავს, რომ მათ პასუხი არ აქვთ, თუმცა გამოძიება დაწყებულია და მოვისმენთ პროკურატურის ინფორმაციას“, –  განაცხადა წულუკიანმა.

ცესკო-ს ინფორმაციით, ნიკა მაჭუტაძის  პარტია „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მონაცემები და ხელმოწერა დაფიქსირდა. თუმცა, ცესკო-ს ცნობით, მხარდამჭერთა ბლანკზე არსებული ხელმოწერა სრულიად განსხვავდება მამუკა ბახტაძის საჯაროდ ცნობილი ხელმოწერისგან.

ნიკა მაჭუტაძის პარტიის მიერ მამუკა ბახტაძის ხელმოწერის შესაძლო გაყალბების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. 

„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ შედის ოპოზიციურ გაერთიანებაში „ძალა ერთობაშია“ შედის.  ამავე გაერთიანების წევრია „ნაციონალური მოძრაობა“,  ხოლო საპრეზიდენტო კანდიდატია გრიგოლ ვაშაძე.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისევე, როგორც „ევროპულმა საქართველომ“ დღეს უწყებათაშორისი კომისია დატოვა.