თეა წულუკიანი - თუ პროკურატურას ვთხოვთ, სათანადო მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, ყველას ხელი მოხვიოს და პასუხისგებაში მისცეს, ეს წარსულში დაბრუნება იქნებოდა
თეა წულუკიანი - თუ პროკურატურას ვთხოვთ, სათანადო მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, ყველას ხელი მოხვიოს და პასუხისგებაში მისცეს, ეს წარსულში დაბრუნება იქნებოდა

რაც მე შიგნიდან მინახავს და ვიცი, პროკურატურაზე უკეთესი მოკავშირე ზაზა სარალიძეს არ ჰყოლია, რადგან პროკურატურა ძალიან ბევრს მუშაობდა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია, კარგად გავიაზროთ, რას ვითხოვთ.

„თუ პროკურატურას ვთხოვთ, იმის მიუხედავად, რომ სათანადო მტკიცებულებები არ აქვს, ვისზეც შეიძლება ეჭვი ჰქონდეს, ყველას ხელი მოხვიოს და პასუხისგებაში მისცეს, ან ციხეში ჩასვას, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია; თუ პროკურატურას ვთხოვთ, მინიმუმ, 30-დან 50-მდე არასრულწლოვანი მშობლებთან ერთად დაიბაროს, დააშანტაჟოს, დააშინოს და აიძულოს, ილაპარაკონ, ეს შესაძლებელია. თუ პროკურატურას ვთხოვთ, ამ ხერხით აალაპარაკოს არასრულწლოვნები, ვინც დღემდე დუმილს ამჯობინებს, რადგან არ უნდათ, ერთმანეთს ხელი დაადონ, რაც ალბათ, ადამიანურად და ბავშვურად გასაგებია, მაგრამ სამართლებრივად უდიდესი პრობლემაა, ესეც შესაძლებელია, მაგრამ მე არ ვემხრობი არც ერთ და არც მეორე შესაძლებლობას, რადგან ეს წარსულში დაბრუნება იქნებოდა“, – განაცხადა წულუკიანმა. 

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მსგავსი ქმედება იქნებოდა წარსულში დაბრუნება, როცა ყველა მოწმე ლაპარაკობდა; როცა რაღაცის თქმის სანაცვლოდ, ერთს საპროცესოს გაუფორმებდნენ და ციხეში ჩააგდებდნენ სხვას, რომელიც ბოლოს უდანაშაულო აღმოჩნდებოდა; მშობელს რაღაც კადრებს აჩვენებდნენ და სხვისი შვილის ბრალზე რაღაცას ათქმევინებდნენ და მოსამართლეს გააკონტროლებდნენ ისე, რომ მას ბრალდებულის გამართლება ვერც კი გაებედა.

„თუ ეს არის ის, რასაც ვითხოვთ, ასეთ მოთხოვნას ჩემი მხარდაჭერა არ და ვერ ექნება. ამიტომაც არ მოვიწონე გადაწყვეტილება, რაც შოთაძემ მიიღო“, – განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება, საზოგადოება, დაზარალებულები და ყველა ერთ პოზიციაზეა, რაც გამოძიების გაგრძელების გარდაუვალ საჭიროებას გულისხმობს, რათა დადგინდეს ყველა, ვინც დანაშაულში მონაწილეობდა და სურათს ნათელი მოეფინოს.