თეა წულუკიანი - პირველად გვაქვს სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ჩვენს პოზიციებს ასმაგად აძლიერებს, ეს სათანადოდ არის შეფასებული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს მხრიდან
თეა წულუკიანი - პირველად გვაქვს სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ჩვენს პოზიციებს ასმაგად აძლიერებს, ეს სათანადოდ არის შეფასებული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს მხრიდან

პირველად გვაქვს სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ჩვენს პოზიციებს ასმაგად აძლიერებს, ეს ნამდვილად არის სათანადოდ შეფასებული, პირველ რიგში, ჩვენივე სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, – ამის შესახებ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქართველოში ამერიკის საელჩო განცხადებაზე.

„ჩვენ და ჩვენს პარტნიორებს, მით უმეტეს სტრატეგიულ მოკავშირეებსა და პარტნიორებს, რა თქმა უნდა, აქამდე გვქონდა პოლიტიკური შეიარაღება, რათა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაწყებულ აღიარების პოლიტიკას ჩვენივე განუყოფელი ტერიტორიებისა, დავპირისპირებოდით და რა თქმა უნდა, 90-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, არაერთი ქართველი დიპლომატის შრომა დევს ამაში ჩვენს მეგობარ ქვეყნებსა და მოკავშირეებთან ერთად, რომ არაღიარების პოლიტიკა ყოფილიყო წარმატებული, გაერო-ში მიღებული ყოფილიყო ხოლმე ყოველ წელს დევნილთა დაბრუნების შესახებ და ასე შემდეგ. ეს ბრძოლა, რა თქმა უნდა, უნდა გაგრძელდეს, მაგრამ სიახლე ამ ბრძოლაში არის ის, რომ ჩვენ პირველად გვაქვს სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ჩვენს პოზიციებს ასმაგად აძლიერებს და ეს ნამდვილად არის უკვე სათანადოდ შეფასებული, პირველ რიგში, ჩვენივე სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

აგვისტოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქართველოში ამერიკის საელჩომ განცხადება დღეს გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს მოთხოვნას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტის აშკარა დარღვევები.