თეა წულუკიანი - პირდაპირ ამბობს ევროპული სასამართლო, რომ იური ვაზაგაშვილი მკვლელების მხრიდან შურისძიების მსხვერპლი გახდა 
თეა წულუკიანი - პირდაპირ ამბობს ევროპული სასამართლო, რომ იური ვაზაგაშვილი მკვლელების მხრიდან შურისძიების მსხვერპლი გახდა 

სამწუხარო ფაქტია, რომ „რუსთავი 2“-ის საქმემ მთლიანად გადაფარა სტრასბურგის გადაწყვეტილება ვაზაგაშვილის საქმეზე, რომელიც არის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მინისტრის თქმით, სამწუხაროა ის, რომ იური ვაზაგაშვილი ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნებას ვერ მოესწრო. როგორც თეა წულუკიანი აცხადებს, სტრასბურგის სასამართლო პირდაპირ ამბობს, რომ იური ვაზაგაშვილი მკვლელების მხრიდან შურისძიების მსხვერპლი გახდა.

ამასთან, თეა წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სასჯელი, რომელიც სასამართლომ მაღალჩინოსან პოლიციელებს მიუსაჯა, არასაკმარისია.

„ესეც მოცულობითი გადაწყვეტილებაა. სამწუხაროა, რომ ბატონი იური ვერ მოესწრო ამ გადაწყვეტილებას. მე ვიცნობდი მას და მუდამ იმაზე ოცნებობდა, ეს გადაწყვეტილება როდის გამოვიდოდა. სამწუხარო ფაქტი არის ის, რომ „რუსთავი 2“-ის საქმემ მთლიანად გადაფარა ის გადაწყვეტილება, რომელიც არის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი. მე გირჩევდით, რომ მაგალითად, ამ გადაწყვეტილების 90-ე, 92-ე პუნქტებს გაეცნოთ, რომელშიც წერია შემდეგი, რომ იური ვაზაგაშვილი ვერ დაიცვა აფეთქებისგან. ეს არის ძალიან მძიმე განცხადება. იმიტომ, რომ გამოძიება თავიდან, როგორც თქვენ ბრძანეთ, დაიხურა და შემდეგ როცა გაიხსნა, სტრასბურგის სასამართლო ამბობს, რომ სწრაფი ტემპით მიმდინარეობდაო და ეს ადამიანი სახელმწიფომ ვერ დაიცვა. პირდაპირ ამბობს ევროპული სასამართლო, რომ გახდა შურისძიების მსხვერპლი მკვლელების მხრიდანო. ის ამბობს ასევე, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მაღალჩინოსანი პოლიციელი ახალი ხელისუფლების პირობებში იქნა დასჯილი, ეს სასჯელები არ არის საკმარისიო. ასეთ რამეს იშვიათად ამბობს სტრასბურგის სასამართლო. ეს ნათქვამია“,- აღნიშნა წულუკიანმა.

ამასთან თეა წულუკიანის თქმით, არის მოლოდინი, რომ როგორც კი გადაწყვეტილება ძალაში შევა, მინისტრთა კომიტეტი საქმის გადასინჯვას დაავალებთ.

„როდესაც ეს გადაწყვეტილება შევა ძალაში, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მინისტრთა კომიტეტი დაგვავალებს ამ საქმის გადასინჯვას. საყვედურია გამოთქმული საქართველოს პარლამენტის მიმართ უკვე ახალი ხელისუფლების დროს, რომ ასეთი დანაშაულები უნდა გამოგერიცხათ ამნისტიის აქტიდანო. რადგან მათ მოუწიათ რეალურად 12 წელი ამნისტიის წყალობით და ეს არის პირდაპირ დაგმობილი სტრასბურგის სასამართლოს მიერ. დაგმობილია და გაკრიტიკებულია მოსამართლის განაჩენის ნაწილი, სადაც პოლიციელებს სამუდამოდ არ ეკრძალებათ საჯარო სამსახურში მუშაობა“,- აღნიშნა წულუკიანმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, თავიდან რომ დაიწყოს ეს პროცესი, ირაკლი ფირცხალავას, გიორგი ცააძეს დაუმძიმდეთ ბრალი, წულუკიანი პასუხობს:

„ყოველ შემთხვევაში, ამას გვსაყვედურობს სტრასბურგის სასამართლო. ამ გადაწყვეტილების აღსრულება უნდა მოხდეს მინისტრთა კომიტეტის ქვეშ და დღეს, ჩემი მხრიდან, რაიმე ტიპის პროგნოზი რა თქმა უნდა, წმინდა წყლის სპეკულაცია იქნება“.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვაზაგაშვილის საქმეზე სახელმწიფოს 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. როგორც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნული, სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს განმცხადებელს სამი თვის ვადაში 50 ათასი ევრო დამატებით გადასახადი, რომელიც შესაძლოა, იყოს მიყენებული არამატერიალური ზიანისთვის.