თეა წულუკიანი - პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების შემქმნელები სასჯელს იხდიან, მაგრამ გავრცელება ასევე დასჯადია, ყველას ევალება, იცოდეს კანონი
თეა წულუკიანი - პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების შემქმნელები სასჯელს იხდიან, მაგრამ გავრცელება ასევე დასჯადია, ყველას ევალება, იცოდეს კანონი

ვინც პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებს ქმნიან, ისინი სასჯელს იხდიან, მაგრამ დღევანდელი ტექნოლოგიების პირობებში გავრცელება ასევე დასჯადია, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.

„ყველას ევალება, კანონი იცოდეს. ეს არის სამართლის ზოგადი პრინციპი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამ განცხადებით თეა წულუკიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რისთვის არიან დაკავებული ადამიანები, იმისთვის, რომ გავრცელებული ვიდეოჩანაწერი ნახეს, თუ იმისთვის, რომ გაავრცელეს და შესაძლებელია თუ არა ორივე შემთხვევის კრიმინალიზება.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების საქმის მასალები არ უნახავს და ამ პროცესში გარეშე პირების ჩარევა არ შეიძლება, ხოლო მოსამართლემ ჩათვალა, რომ არაერთი პირი წინასწარ პატიმრობაში დასატოვებელი არ იყო, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ინდივიდუალური საქციელებისადმი ინდივიდუალიზებული მიდგომაა და არა ერთიანი, ბრმა მიდგომა.

„დანარჩენი, ვის რა ხარისხის დანაშაული მიუძღვის და საერთოდ, დანაშაულია თუ არა მათი ქმედება, რა თქმა უნდა, ეს სამომავლო საქმეა. რაკი ისინი არიან დაკავებული, როგორც ჩანს, მათი მოწინააღმდეგე მხარე ანუ გამოძიება მიიჩნევს, რომ მათ სავარაუდოდ ჩაიდინეს დანაშაული. დანარჩენი უკვე სასამართლო განხილვის პროცესში უნდა დადგინდეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა წარიმართოს პროცესი იმ პირობებში, როცა გამოძიებას და სასამართლოს ნდობა არ აქვს, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ გამოძიებასა და სასამართლოს რაღაც ხარისხის ნდობა ნამდვილად აქვს და თუ მედია მათ მიმართ უნდობლობაზე ღია ეთერში ხშირად ისაუბრებს, ეს მიდგომა არსებულ ნდობას კიდევ უფრო დაასუსტებს.

„ვფიქრობ, არსებობს რაღაც ზღვარი და ბალანსი, რომელსაც თქვენ ყველაზე კარგად იცავთ ხოლმე. ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ხართ. თუ გვინდა, ნუ ვენდობით გამოძიებას, მაგრამ ამასობაში, სანამ გამოძიებას არ ენდობიან, ამ გამოძიებამ იმუშავა და რამდენიმე პირი დააკავა. ამ გამოძიებამ მანამდეც იმუშავა, ადრე გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით და ცრუა ინფორმაცია, რომ დღემდე არავინ დასჯილა. დღემდე ადამიანები საპატიმროში იხდიან სასჯელს და ნაწილ მათგანს პირობითი მსჯავრი აქვს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელება არამხოლოდ მორალურად დაგმობის ღირსია, არამედ ამგვარ სიბინძურეს ყველა უნდა გავემიჯნოთ.

„ადამიანის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია და მთელ საზოგადოებაში ფართო კონსენსუსია, რომ ერთმანეთის ცხოვრებაში, თუ სუფრაზე სტუმრად მიგვიწვევენ, რა თქმა უნდა, გვაქვს უფლება, მივბრძანდეთ, მაგრამ სხვა მხრივ, არ გვაქვს უფლება, ერთმანეთს ვუჭვრიტინოთ. ეს ალბათ რომელიღაც საუკუნის კულტურაში სადღაც იყო, მაგრამ დღეს სხვა საუკუნეა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, კარგია, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე სახელმწიფო მკაცრად რეაგირებს.